ორბანი პუტინთან "მშვიდობის მისიის გასაგრძელებლად" ჩავიდა, EU–დან კი შეახსენეს, რომ ის არ წარმოადგენს ევროკავშირს

05-07-2024 16:02:58 ევროპა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში სამშვიდობო მისიის გასაგრძელებლად ჩავიდა.

„კიევის შემდეგ მოსკოვში. სამშვიდობო მისიის შემდეგი გაჩერება“, - წერს ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, უნგრეთის მთავრობის მეთაურის სპიკერმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერი ჩავიდა მოსკოვში და აპირებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილოს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარების გზები.

ამჟამად ორბანი პუტინს ხვდება.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ვიზიტი მოსკოვში ექსკლუზიურად უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ხორციელდება.

„პრემიერ ორბანს არ მიუღია არც ერთი მანდატი ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტისთვის. ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით ასახულია ევროპის საბჭოს ბევრ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორბანის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „პუტინს დამშვიდება არ შეაჩერებს“.

„მხოლოდ ერთიანობა და სიმტკიცე გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

ამჟამად უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე როტაციის პრინციპით. ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური აღნიშნავს, რომ ეს არ ითვალისწინებს ევროკავშირის გარე წარმომადგენლობას, რაც ევალება ევროსაბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

იხილეთ ასევე: მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, უკრაინა - მსხვერპლი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები