კიევი: მოსკოვში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრულმა მხარემ უკრაინასთან შეთანხმებისა და მასთან კოორდინაციის გარეშე მიიღო

05-07-2024 17:25:13 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უნგრულმა მხარემ მიიღო უკრაინასთან შეთანხმებისა და მასთან კოორდინაციის გარეშე.

"შეგახსენებთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ რჩება ურყევი და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვან იგი“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენის ერთადერთ რეალისტურ გზად რჩება „მშვიდობის ფორმულა“.

„როგორც შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს მშვიდობის ხედვას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დეპარტამენტმა დასძინა, რომ სამშვიდობო სამიტის ფორმატი არის საკვანძო პლატფორმა სამართლიანი მშვიდობის აღდგენის გზების მოსაძებნად.

"უკრაინა კვლავ კონსტრუქციულად არის განწყობილი ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის განვითარებაზე შემდგომი მუშაობისთვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორბანი რუსეთის დედაქალაქში პარასკევს, 5 ივლისს ჩავიდა და კრემლის მმართველ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

იხილეთ ასევე: ორბანი პუტინთან "მშვიდობის მისიის გასაგრძელებლად" ჩავიდა, EU–დან კი შეახსენეს, რომ ის არ წარმოადგენს ევროკავშირს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები