პარტიული დაპირისპირება თუ "მოსაგვარებელი" საქმეები – შოთაძის შესაძლო "რეინკარნაციის" ვერსიები
17/01/2020 07:47:43 პოლიტიკა
არასამთავრობო სექტორი საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი გადამდგარი გენპროკურორის ირაკლი ოთაძის კანდიდატურას, მმართველი გუნდის წევრები კი კანდიდატურას, რომელიც ჯერ კიდევ არაა შერჩეული, მხარდაჭერას უცხადებენ. 16 იანვარს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა, მათ შორის გია ვოლსკიმ, უკვე დღეს მათ რიგებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეუერთდა და აღნიშნა, რომ შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
"პარლამენტი ელოდება, როდის იქნება კანდიდატურები წარმოდგენილი. მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი [შოთაძის] მუშაოების დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო ეფექტურად, დროულად გამოძიებული: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობები და ის საქმეები, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი.
რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ექნება მხარდაჭერა",– განაცხადა თალაკვაძემ.
ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამაც:
„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება,“- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას. პრემიერის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატს გარკვეული დროის შემდგომ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს და იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. „ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“.
მსგავსი განცხადებები წინასწარი შეთანხმების არსებობის განცდას უჩენს არასამთავრობო სექტორს:
"ჩვენ არ ვიცით ბოლომდე, როგორი კანდიდატები იქნებიან დაყენებულები. იქნებ ირაკლი შოთაძეზე უკეთესია ვიღაც. და წინასწარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან ქმნის მოლოდინს, რომ წინასწარი თანხმობა არსებობს ამ კანდიდატურაზე",– განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის .ცენტრის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ.
რაც შეეხება შესაძლო დაბრუნების ვერსიებს, ენმ–ის წევრ ნიკა მელიას შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" "კადრების შიმშილია, ივანიშვილს კი სჭირდება ადამიანი, რომელიც 100%–ით იქნება დაქვემდებარებული.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, "ტრიბუნას" დამფუძნებლის დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით კი ეს გადაწყვეტილება შიდაპარტიულ დაპირისპირებასაც უკავშირდება.
"ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, კახა კალაძესთან დაპირისპირებული ადამიანები შემოიკრიბოს, რომ თუნდაც ამ გადამწყვეტ მომენტში, თუ საჭირო იქნება კალაძის გუნდის მიმართ მკაცრი ზომების გატარება, პროკურატურამ ეს შეძლოს. გვახსოვს, თავის დროზე კალაძემ თქვა, "ფარცხალაძე არ არის ჩემი მეგობარი" – ისე გამოუვიდა, რომ მას გაემიჯნა, როდესაც ივანიშვილი ამბობდა, რომ ფარცხალაძე მისი მეგობარი იყო. ჩვენ ვიცით, რომ შოთაძე და ფარცხალაძე მეგობრები, ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამდენად, ვფიქრობ, შოთაძის დაბრუნება საჭიროების შემთხვევაში კალაძის წინააღმდეგ გამოყენებას ემსახურება",– განაცხადა დავით ჭიჭინაძემ
ამასთან, ჭიჭინაძემ 16 დეკემბერს თავად "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარია ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეზე. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია კალაძის ოპოზიციაში შესაძლო გადანაცვლებაზე.
ჭიჭინაძის თქმით, კალაძის გავლენა პარტიაში მაღალია რამდენიმე გარემოების გამო: მას ნაკლებად ეხება საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი პარტნიორების კრიტიკა; თბილისში არსებული მაჟორიტარული ოლქები "მისია"; წვდომა აქვს დედაქალაქის მსხვილ ფინანსურ რესურსებთან; აქვს რეიტინგი, რასაც ძირითადად რეგიონებში "უსახური მერების" არსებობა განაპირობებს; "ქართული ოცნების" წევრები კი "თავის გადარჩენას ცდილობენ". ამდენად, ჭიჭინაძის თქმით, კალაძე მმართველი გუნდის წევრებისთვის თავად გუნდშია საინტერესო. ჭიჭინაძის დაკვირვებით, "კალაძემ ყველა შიდაპარტიული ინტრიგა მოინელა და მას ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებიდან" ჩაჩოჩების შესაძლებლობაც აქვს, თუ ივანიშვილმა დასწრებაზე არ ითამაშა, მაგრამ ახლა კალაძის კორუფციულ სქემებზე საუბარი, მაშინ, როდესაც ამაზე მთელი წელია ვსაუბრობთ და რეაგირება არაა, "ქართული ოცნების" ჩამოშლას ნიშნავს".


