დარჩება თუ არა NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული საქართველოსთან მიმართებით – წევრი ქვეყნების პოზიციები

08-07-2024 09:30:11 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის და თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან არაერთგზის გაჟღერებული წუხილის ფონზე, რეფორმების შეჩერებისა, NATO-ს საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ წლის დასაწყისშიც არ იგრძნობოდა განსაკუთრებული მოლოდინები და ამ მხრივ ცვლილებები არც ალიანსის გენმდივნის იენს სტოლტნბერგის მარტის ვიზიტს მოუტანია, თუმცა მას შემდეგ ცვლილებები დრამატული სისწრაფით დაიწყო თავად პარტნიორებთან ურთიერთობებში: წლებია, სასამართლოს რეფორმა საკვანძო საკითხად იქცა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში (ევროკავშირის წევრთა უმეტესობა ასევე NATO–ს წევრია), ამას დაერთო ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული კანონი „აგენტების“ შესახებ, რამაც ჩიხური გახადა ვითარება – პარტნიორები საუბრობენ შემზღუდავ ზომებზე, აშშ–მა (საქართველოს მთავარი ლობისტი NATO–ში და მხარდამჭერი ევროკავშირში ინტეგრაციის) განაცხადა ურთიერთობების ტოტალური გადახედვის თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს დაუწესა სავიზო შეზღუდვები, განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოს თავდაცვაზე მორგებული წვრთნები და ეს, როგორც დაანონსდა, მხოლოდ დასაწყისია. ამასთან, გაირკვა, რომ ალიანსის საიუბილეო სამიტზე ასპირანტი საქართველო არა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის – მსგავსად წევრობის პრეტენზიის არმქონე სომხეთ-აზერბაიჯანისა.

ამ ფონზე, ცხადია, უკიდერეს ოპტიმისტსაც ვერ ექნება იმედები რაიმე „გარღვევის“ მიღწევის თაობაზე, მიუხედავად გეოპოლიტკური ვითარების ცვლილებისა, მაგრამ გაჩნდა შიშები, ხომ არ დაკარგავს საქართველო იმას, რაც 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ალიანსი მუდმივად ადასტურებდა ამ გადაწყვეტილებისადმი თავის ერთგულებას – საქართველოს NATO–ში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარების. მსგავსი შესაძლებლობა ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმაც არ გამორიცხა.

ვითარების გათვალისწინებით, „აქცენტი“ დაინტერესდა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ NATO საიუბილეო სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9–11 ივლისს გაიმართება, თბილისთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული აღარ დარჩეს და ალიანსის წევრი ქვეყნების საელჩოებს საქართველოს შესახებ მათი პოზიციებისა და მოლოდინების შესახებ კითხვებით მიმართა.

გთავაზობთ, დიპლომატიური უწყებებიდან შესაბამის კითხვაზე მიღებულ პასუხებს:

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი:

"ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, უზრუნველყოს, NATO–ს კარი ღია დარჩეს ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის. საქართველოს მთავრობის დღევანდელი ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის".

საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი:

"ჩვენ შეგვიძლია, ამჯერადაც დავადასტუროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერა".

საქართველოში გერმანიის საელჩო:

"გერმანია დიდი ყურადღებით და კრიტიკულად აკვირდება მოვლენების განვითარებას საქართველოში. ჩვენ წინასწარ ვერ ვისაუბრებთ NATO–ს სამიტის დასკვნით დეკლარაციაზე".

საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ:

"რუმინეთი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას. ჩვენ 2008 წლის შემდეგ მიღებულ NATO–ს ​ყველა შესაბამის დოკუმენტში მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქვეყანამ, რომელიც NATO–ს რიგებს შეუერთდა, საქართველომაც უნდა შეასრულოს პოლიტიკური და სამხედრო კრიტერიუმები. რუმინეთი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში".

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი:

"ვაშინგტონის დეკლარაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამიტომ საბოლოო ტექსტის შესახებ სპეკულირება ნაადრევია. პრინციპში, ჩეხეთი NATO–ს "ღია კარის" პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია. ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომ NATO–ს კარი ღია რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების სურვილს, წინ წავიდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო:

"როგორც დამფუძნებელი წევრი ქვეყანა, იტალია მხარს უჭერს NATO–ს „ღია კარის“ პოლიტიკას, რომელიც გათვალისწინებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლით. ამ დებულების თანახმად, წევრობა ღიაა ნებისმიერი „ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების განმტკიცებას (როგორიცაა დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა) და შეიტანოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ამ მუხლის თანახმად, NATO– ს გაფართოება დამოკიდებულია არა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების ერთსულოვან გადაწყვეტილებაზე, არამედ დაინტერესებული მესამე ქვეყნების ნებასა და ვალდებულებაზე, შეუერთდნენ ალიანსის პრინციპებსა და ხედვას, რათა რეალურად გახდნენ წევრი. ამ კონტექსტში, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, როგორც ეს არის განსაზღვრული ქვეყნის კონსტიტუციაში და აფასებს იმ დამატებით წვლილს, რომელიც საქართველომ უკვე შეიტანა და განაგრძობს ამ წვლილის შეტანას NATO– ს საქმიანობაში. ასეთი ღირებული წვლილის მაგალითებია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, უმასპინძლოს წვრთნებს NATO– ს პარტნიორების მონაწილეობით (როგორიცაა წვრთნები Trojan Footprint), მონაწილეობა "Defender"–ის წვრთნებში და ოპერაცია "Active Endeavour", ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი როგორც "International Security Assistance Force"–ში, ისე ავღანეთში "Resolute Support"–ის მისიაში.

NATO–ში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის. ევროინტეგრაციის მსგავსად, ევროატლანტიკური გზაც მოითხოვს მნიშვნელოვანი რეფორმების მიღებას და განხორციელებას. საქართველოს ნამდვილად შეუძლია, იტალიის მხარდაჭერის, მეგობრობისა და დახმარების იმედი ჰქონდეს".

საქართველოში ლიეტუვის საელჩო:

„ლიეტუვა ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს, თუ თავად საქართველო კვლავ არის დაინტერესებული ამით. დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და შესაბამისი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის“.

სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩი კირსტი ნარინენი:

"ვაშინგტონის სამიტის კომუნიკეს შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება და თავად სამიტამდე გაგრძელდება. ამიტომ მათ შინაარსზე წინასწარ კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ფინეთი NATO–ს კონსენსუსის მტკიცე მხარდამჭერია".

"აქცენტის" კითხვა უპასუხოდ დატოვა ალიანსის წევრი ქვეყნების რიგმა დიპლომატიურმა უწყებამ, მათ შორის საქართველოში საფრანგეთის საელჩომ.

ცნობისთვის: NATO-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. NATO-ს სამიტზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები