რატომ იქნებიან ასპირანტი საქართველო და წევრობის პრეტენზიის არმქონე სომხეთ-აზერბაიჯანი ნატო-ს სამიტზე ერთ რანგში

30-06-2024 12:53:26 პოლიტიკა

NATO-ს წევრობის პრეტენზიის არმქონე სომხეთი და აზერბაიჯანი ალიანსის მომავალ სამიტზე ასპირანტი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოს მსგავსად, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე არიან მიწვეულები.

სომხეთმა NATO-ს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვევა მიიღო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და იქვე დასძინა, რომ ღონისძიებაზე აზერბაიჯანიც არის მიწვეული. მისივე თქმით, შეხვედრა "NATO-ს ყველა პარტნიორისთვის იმართება და აშშ-ს იმედი აქვს, რომ მიწვევას ორივე ქვეყანა მიიღებს".

  • სულ შეხვედრაზე 30-მდე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები არიან მიწვეულები, ასპირანტი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილის ჩათვლით. ჩვენი ქვეყნის პირველ პირს - პრემიერ ირაკლი კობახიძეს სამიტზე მიწვევა არ მიუღია.

მიწვევაზე აზერბაიჯანის პასუხი ჯერ უცნობია, სომხეთმა კი თანხმობა უკვე განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყების პრეს-მდივნის ანი ბადალიანის განცხადებით, სომხეთმა NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მიწვევა პარტნიორობის ფორმატში მიიღო და მიწვეულია ალიანსის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც, რომლებიც 9-11 ივლისს გაიმართება.

  • მარტში NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ამ თანამდებობაზე 10-წლიანი მუშაობის განმავლობაში სომხეთს პირველად ეწვია. ამ ვიზიტის შემდეგ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ბლოკთან თანამშრომლობას აფართოებს, თუმცა მასში გაწევრიანების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს. "ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ NATO-სთან - ვმონაწილეობთ მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციაში ავღანეთში, ვზრდით ჩვენს წარმოდგენილობას კოსოვოში, მაგრამ თუ საუბარია NATO-ში გაწევრიანების განზრახვაზე, სადღეისოდ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას" - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  • მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა სომხეთს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა. "გასულ წელს ჩვენი პირველი ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. ჩვენ მეტს ველით. გვსურს ასევე ერევანთან ერთობლივი მუშაობა კიბერუსაფრთხოების, სასაზღვრო, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად" - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
  • გარდა ამისა, სომხეთი ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობს ალიანსის კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით. პარიზი ერევანს მათ შორის ჯავშანმანქანებს, რადიოლოკაციისა და თვითმავალ საარტილერიო სისტემებს აწვდის.
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანს ნათქვამი აქვს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია NATO-სთან პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და პარტნიორობის გაფართოებაში როგორც მთლიანად ალიანსთან, ისე მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. მან იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მალე დამტკიცდება NATO-სთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი ინდივიდუალური ადაპტირებული პროგრამის სახით, რომელიც მათ შორის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეფორმირებაზე იქნება მიმართული.
  • სომხეთს რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბა და საგრძნობლად გაააქტიურა დასავლეთთან თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც რუსეთი და მისი თაოსნობით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია" (ОДКБ) არაფრით დაეხმარა ერევანს მთიანი ყარაბაღის საკითხში. სომხეთი ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება და ОДКБ-ს "ბუშტ კავშირად" მოიხსეინიებს.

რაც შეეხება საქართველოს, დასავლეთთან ჩვენი პარტნიორობა ბოლო დროს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდს განიცდის. უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას", რომლისთვისაც სადღეისოდ მთავარი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა, მათ შორის - ავტორიტარული მმართველობის მეთოდების აქტიური გამოყენებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით დაფიქსირებული საგრძნობი უკუსვლის გამო დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მტკიცე პროდასავლური განწყობის მიუხედავად, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში მკაფიოდ არის დაფიქსირებული ხელისუფლების ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული და ევროატლნტიკური ინტეგრაციისთვის, მმართველი ძალა დასავლეთისთვის ზურგის ქცევისა და რუსეთთან დაახლოების კურსს მიჰყვება, რითაც მოსკოვისგან სისტემატიურ ქებას იმსახურებს. "ოცნების" წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მოსახლეობას "სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე ზრუნვად" მიასაღონ, თუმცა რეალურად, ხელისუფლებას რუსეთსა და მის პარტნიორ ჩინეთზე დაახლოებაზე აქვს აღებული კურსი - ბანაკზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში სწორედ დამყოლი ანტიდასავლური ძალები აწყობს. შედეგად ჩვენი ქვეყანა დასავლელი პარტნიორებისგან სულ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა და სულ უფრო დაუცველი რჩება რუსეთის პირისპირ, რომლის მმართველი "დიადი რუსული იმპერიის აღდგენის" იდეითაა შეპყრობილი. სადღეისოდ უკვე გაფორმებულ ფაქტად შეიძლება, ჩაითვალოს, რომ საქართველოს წინსვლა როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მიმართულებით შეჩერებულია და შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლების მიერ უხეშადაა დარღვეული.

იხილეთ ასევე:

პრემიერი აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების არდასწრებაზე: "დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვთ მყარი საფუძველი"

ევროკავშირის ლიდერები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განმარტოს ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას

ამის მორიგი ნიშანია ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არმიწვევაც.

"საქართველო, რომელიც, ხაზს ვუსვამ - არა ნატო-ს სამიტზე, არამედ მხოლოდ ნატო-ს პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ნაწილში და იქაც მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი - ეს კატასტროფული უკუსვლაა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" - აცხადებს დეპუტატი თეონა აქუბარდია და შემდეგი არგუმენტაცია მოჰყავს:

"სულ ახლახანს ვიხილეთ ამერიკული მხარის განცხადება ნატო-ს ხსენებულ პროგრამაზე, რომლის მონაწილეც, შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა 1994 წლიდანაა, ანუ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და წლების განმავლობაში ძალიან წარმატებუად მიიწევდა წინ. მოვისმინეთ ცხადი გზავნილი, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ისე დაიწყებს მოქცევას, როგორც ასპირანტი ქვეყნის ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, მხოლოდ მაშინ შეიძლება, დაიწყოს საუბარი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის კუთხით ახალ დონეზე გადასვლაზე. აქ აქცენტი გაკეთდა გაყინულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ანტინატოურ რიტორიკაზე... მოვისმინეთ ასევე ნატო-ს გენმდივნის განცხადება, რომ რუსული კანონის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის - რედ.] მიღების შემთხვევაში საქართველოს ალიანსისკენ გზაზე წინსვლა ვერ ექნებოდა. მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" არაფერი შეისმინა - და აი შედეგიც: ნატო-ს საიუბილეო სამიტზე აზიისა და წყნარე ოკეანეს რეგიონის ქვეყნებიც კი არიან მიწვეულები, მაგრამ არა საქართველოს მთავრობის ლიდერი ირაკლი კობახიძე! ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, თანაც არა სამიტზე, არამედ მის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც პროგრამას "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ეხება! თუ ამ უკაკასკნელის მონაწილეთა ჩამონათვალს გადავხედავთ, ადვილი მისახვდრი ხდება, რომ საქართველო დაშორდა არა მხოლოდ ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ უკრაინასთან ერთად გახდებოდა ნატო-ს წევრი, არამედ ასპირანტი ქვეყნის სტატუსსაც კი, რაკი ამ სტატუსის შესაბამისად, უმაღლესი დონის თანამდებობის პირით აღარ ვიქნებით წარმოგენილი ნატო-ს სამიტზე".

აქუბარდიას შეფასებით, "ნატო-ს წევრობა საქარველოსთვის წლების განმავლობაში უსაფრთხების კუთხით უდიდესი ეროვნული ამოცანა იყო და ჩვენმა სამხედროებმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს ნატო-სკენ გზაზე ქვეყნის წინსლისათვის, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გაყინულია, დაპაუზებულია და შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიბრუნდება, თუ ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლას შევძლებთ".

ამასთან, დეპუტატი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, გააკეთოს ყველაფერი, რათა ნატო-ს სამიტზე წარსდგეს, რადგან "ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, რომლის 75%-ზე მეტი ალიანსის წევრობას უჭერს მხარს და ეიმედება, რომ გავხდებით ნატო-ს წევრები".

"ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მაგრამ არა მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რომლის ქმედებების შედეგად იმ დონემდე ვართ ამ მიმართულებით ჩამოქვეითებულები, რომ სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის" - დასძენს თეონა აქუბარდია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები