"საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია"

17-01-2020 15:41:00 საგარეო პოლიტიკა

"ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას ისაუბრა.

"მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია.

საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს" - განაცხადა ელჩმა.

დეგნანმა ფიცი დღეს, 17 იანვარს დადო.

ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავდა და მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები