
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 3-7 ივლისი
09/07/2024 08:08:10 კონფლიქტები
სოხუმი აკრიტიკებს ერევანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო თბილისში ვიზიტის დროს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. დე ფაქტო უწყებამ სომხურ მხარეს მოუწოდა, „საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზების გამოყენებისგან თავი შეიკავოს“.
გარდა ამისა, „სამინისტროში“ ყურადღებას ამახვილებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა რეზოლუციის მიმართ „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე“ და აღნიშნავენ, რომ სომხეთის მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა შემაშფოთებელია. „გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა რეზოლუციას წელს პირველად დაუჭრეს მხარი მიუხედავად იმისა, რომ სომხურ დიასპორას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და განვითარებაში. სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის მხარდამხარ, იარაღით ხელში, ქართველი აგრესორებისგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერსპექტივაში სომხეთის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს და შეცვლის საკუთარ პოზიციას ამ საკითხის მიმართ" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისს მოუწოდა, „ერთადერთი სწორი ნაბიჯი“ გადადგას და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აფხაზეთში მცხოვრები სომხური საზოგადოებაც უარყოფითად გამოეხმაურა. მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც მთიანი ყარაბაღი „თხასავით გაყიდა“, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სომხურმა საზოგადოებამ აღნიშნა, რომ არარატ მირზოიანმა მას თავისი წესები არ უნდა მოახვიოს. „თაობებით მშვიდობიანად ვცხოვრობთ აფხაზურ მიწაზე და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ... მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში 20-ზე მეტი საჯარო სკოლაა, სადაც სომხური ენა ისწავლება, არის სომხური სამოციქულო ეკლესია და დიდი სომხური თემი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სრულფასოვანი მონაწილეა. რესპუბლიკა, რომელსაც ახლახან ეწვიეთ, მსგავსი შედეგებით ვერ დაიკვეხნის. პირიქით, საქართველოში აქტიურად ითვისებენ სომხურ ეკლესიებს, რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთადერთი სომხური სკოლა დახურეს. ეს ის ქალაქია, რომლის მშენებლობაში სწორედ სომხებს მიუძღვნით მნიშვნელოვანი წვლილი. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იცით, მაგრამ არ იმჩნევთ. ვამაყობთ, სომხები რომ ვართ - აფხაზეთის რესპუბლიკის სომხები“, - ამ სიტყვებით მიმართა სომხურმა საზოგადოებამ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
სოხუმი და დონეცკი „დაძმობილდნენ“
„ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ესწრებოდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოლქის წარმომადგენელმა ალექსეი კულემზინმა.
„მემორანდუმის“ თანახმად, მხარეები ეყრდნობიან ურთიერთნდობის, თანამშრომლობის, გულწრფელობისა და კეთილგანწყობის პრინციპებს; აღიარებენ და ხაზს უსვამენ მუნიციპალური თანამშრომლობის მნიშვნელობას, „ორი ქვეყნის“ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განვითარებისთვის; დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღია დიალოგისა და პარტნიორობისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას სოხუმისა და დონეცკის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონია სოხუმის დღის აღსანიშნავად გამართული ზეიმის ფარგლებში შედგა.
ასლან ბჟანიამ რუსეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილეს სერგეი ბელოვს შეხვდა
შეხვედრის დროს განხილულ იქნა საბანკო სექტორში „თანამშრომლობის“ აქტუალური საკითხები. დე ფაქტო ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ თანამშრომლობის დინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, და აქვე დასძინა, რომ ბოლო წლებში აფხაზეთის ფინანსურ სისტემაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება.
„დავიწყეთ ეროვნული გადასახადი სისტემის რეალიზება, მისი ბრუნვა იზრდება, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მომავალში უკეთესი იქნება, რადგან ჩვენი [აფხაზეთის და რუსეთის] კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმა სრულად შეესაბამება აფხაზეთის ეკონომიკის ინტერესებს. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა რუსული ინვესტიციები უფრო მასშტაბური გახდეს“, - განაცხადა ბჟანიამ.
ლევან მიქაა: „დღეს საქართველოს არ არის მზად აფხაზეთის აღიარებისთვის“
ამის შესახებ აფხაზმა პოლიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ ლევან მიქაამ ადგილობრივი გამოცემა „აფსნი ხაბარ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლევან მიქაამ საკუთარი შეფასება მისცა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის, რადგან საქართველოს მიღებული აქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და მის გაუქმებას ჯერჯერობით არ აპირებს. „ამ კანონის გაუქმება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ფაქტობრივად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ტოლფასია, რისთვისაც, ჩემი აზრით, საქართველო დღეს მზად არ არის. ქართული საზოგადოება ცხოვრობს მითებით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. მათ რეალისტურად უნდა შეხედონ ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში განვითარდა, თუმცა ამ ტენდენციებს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნავს ლევან მიქაა.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას არ გამორიცხავს. მისივე მტკიცებით, საქართველო რუსეთისთვის სანქცირებული საქონლით ვაჭრობის ჰაბად იქცა, ხოლო მისი ტურიზმი რუსი ტურისტების წყალობით ვითარდება.
ლევან მიქაა ანაკლიის პორტსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველომ დაიკავა საკუთარი ადგილი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რადგან ერთი მხრივ, ავითარებს ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის გვერდის ავლით, აშენებს სატრანსპორტო არტერიას, რომელიც მოსკოვის ინტერესებში სულაც არ შედის. მისი შეფასებით, საქართველოს სურვილია, ეკონომიკურ ჰაბად იქცეს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისა და ჩინეთისთვის.
რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების გაწვევასა და საქართველოსთან კონფედერაციის შექმნის პერსპექტივასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებლად მიაჩნია. „დღეს გეოპოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ აფხაზეთმა როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უკვე დაიკავა საკუთარი ადგილი რეგიონში. ეს შემდგარი ფაქტია, იმიტომ რომ 30 წელი დიდი დროა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, რომელმაც უახლეს ისტორიაში ბლოკადა და ბევრი სირთულე გამოიარა. ყველას ესმის, რომ ახალი თაობა უკვე თავისუფალ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის სულისკვეთებით გაიზარდა. ამიტომ, ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება საქართველოს მიერ კურსის შეცვლას და რუსეთის მიმართულებით გეზის აღებას, ლევან მიქაა მიიჩნევს, რომ საქართველო კი არ მიდის დასავლეთიდან, არამედ დასავლეთი მიდის სამხრეთ კავკასიიდან, რაც ყარაბაღის ომის დროსაც გამოჩნდა. „ვერც სამხედრო-პოლიტიკურად და ვერც სხვანაირად დღეს დასავლეთი დახმარებას ვერ შეძლებს და ვერ ჩაერევა, თუკი საქართველო კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდება. მეჩვენება, რომ საქართველო ამგვარად ლავირებას ცდილობს. კულტურული თვალსაზრისით, საქართველოს უნდა, დასავლეთის ნაწილი იყოს, თუმცა რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სტრატეგიას, ის შუამავლის როლს შეასრულებს სხვადასხვა გავლენიან ძალებს, პირველ რიგში, რუსეთს, ჩინეთს, თურქეთსა და ირანს შორის“, - აცხადებს ლევან მიქაა.