09-07-2024 09:16:54 კონფლიქტები
ალექსანდრ ანქვაბს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდის შედეგები მოახსენეს
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვამბა სამუშაო შეხვედრა გამართა „საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან“ ოდისეი ბიგვავასთან, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა მას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგები აცნობა.
ბიგვავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი პოზიცია თბილისთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე „შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობასთან დაკავშირებით, და აქვე დასძინა, რომ ქართული მხარე ამ საკითხის განსახილველად მზად არ არის. მან დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ასევე აცნობა, რომ „შვეიცარიის მიერ ნეიტრალური სტატუსის დაკარგვის გათვალისწინებით“, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შეხვედრების სხვა ქვეყანაში გადატანის მნიშვნელობას, მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებითა და დაცვით.
ოდისეი ბიგვავამ მეორე სამუშაო ჯგუფში განხილულ ჰუმანიტარულ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთის „დელეგაცია“ გამოვიდა ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, აფხაზი მოქალაქეების საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებს.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დეკემბერში გაიმართება.
მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი „შეთანხმების“ გაფორმება იგეგმება
დე ფაქტო დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ ახლახან „პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის“ სხდომაზე განხილულ იქნა შეთანხმების პროექტი რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ, რომელიც აფხაზეთის „ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება“.
„[შეთანხმების] პროექტი გულისხმობს შეღავათიანი პირობების შექმნას რესპუბლიკაში ინვესტიციების მოსაზიდად. კარგად გვესმის, რომ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის მომზადება. ასევე გვესმის, რომ ქვეყნის განვითარებისა და ფინანსური სახსრების მიღებისთვის ინვესტიციების მოზიდვა გვჭირდება. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია და მნიშვნელოვანია, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთიდან მოდიოდეს“, - განაცხადა ხალვაშმა.
„ეს აღსანიშნავი დღე განასახიერებს ბელარუსი ხალხის გამძლეობას, სიმამაცეს და ერთობას, მის უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოსადმი. დღეს ბელარუსის რესპუბლიკა თავდაჯერებულად მიჰყვება პროგრესის გზას, წარმატებით უმკლავდება სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და განამტკიცებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს“, - აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიწერილ ნოტაში.
დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე გამოთქვამს იმედს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, ორი ერის საკეთილდღეოდ.
რუსულმა ელექტრომატარებელმა აფხაზეთში 23 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა
აფხაზური მედიის ცნობით, რუსულმა ელექტრომატარებელმა „ლასტოჩკამ“, რომელიც სოჭიდან გაგრამდე მოძრაობს, 2024 წლის ექვს თვეში 23 222 მგზავრი გადაიყვანა. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი მგზავრი (7 890) რუსეთიდან აფხაზეთში ივნისში ჩავიდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 5 861 ადამიანს შეადგენდა, მაისში - 4 032- ს, მარტში - 2 400-ს, იანვარში - 1 719-ს, თებერვალში კი 1 320 - ს.
„ლასტოჩკამ“ აღნიშნული მარშრუტით მიმოსვლა 2023 წლის 8 ივნისიდან დაიწყო, მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეული ე.წ. შეთანხმების შედეგად. ჩაშვების დღიდან, ელექტრომატარებელმა რუსეთიდან აფხაზეთში 73105 ტურისტი გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მატარებელმა რეგულარულად იაროს სოხუმის სადგურამდე. „ლასტოჩკამ“ სოხუმამდე საცდელი რეისი წელს უკვე შეასრულა.