პრეზიდენტი – აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე: ეს პასუხია „ოცნების" მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ და გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის

09-07-2024 12:18:43 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორის" შეჩერებისა და ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვის ფაქტებს ეხმიანება.

პრეზიდენტის თქმით, "ეს პასუხია „ოცნების" მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ და გაფრთხილებაა ქართველი საზოგადოებისთვის".

„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა.

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!)

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” - ევროპული, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან!

ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: “რატომაა ეს კანონი რუსული?”

რატომ? … და ამიტომ!!!“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები