დიალოგის შესახებ აფხაზური გზავნილით ცხინვალში შეშფოთდნენ

17-01-2020 16:38:07 კონფლიქტები

აფხაზი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის საჭიროების შესახებ განცხადებებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დეპუტატები შეაშფოთა.

როგორც ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა დრიაევმა განაცხადა, „ცხინვალი შეშფოთებულია აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“.

მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“.

ამასთან, დრიაევმა ოფიციალურ თბილისთან დიალოგის წინაპირობები წამოაყენა:

„სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს მანამ, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარეები ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.

ცნობისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისთან დიალოგის საჭიროების შესახებ განცხადებები გაკეთდა. ქართველი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აფხაზმა პოლიტიკოსებმა ასლან ბჟანიამ, რომელიც მაღალი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ დიალოგისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ:

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“.

იხილეთ ასევე: დიალოგის სურვილი აფხაზეთიდან და მისი პერსპექტივები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები