Accentnews.ge
კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი

კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი

17/01/2020 13:13:09 პოლიტიკა

კრემლი ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეშვეობით მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს აჟღერებს და ირწმუნება, რომ რუსეთის მხრიდან არსებობს „მუდმივი ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“.

ამასთან, მან გასული წლის ივნისში საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტისას განვითარებულ მოვლენებს „ქართველი რადიკალების პროვოკაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უარყოფითად აისახა „2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე“.

„სამწუხაროდ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს 2012 წლიდან, უარყოფითად იმოქმედა ქართველ რადიკალთა ივნისის პროვოკაციამ, რის საპასუხოდ, იძულებული ვიყავით, დროებით შეჩერებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით თბილისში გაკვეთილს ისწავლიან. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის ქართველ კოლეგას შორის. მხარეებმა გულწრფელი საუბარი გამართეს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატურ საკითხებზე. სამაგიეროდ, სამწუხაროა ის კომენტარები თბილისიდან, რომელიც გაჟღერდა საუბრის შედეგად. ჩვენი მხრიდან, არსებობს მუდმივი ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“, – ამბობს ლავროვი.

შეგახსენებ, რომ ლავროვი გასულ წელს ირწმუნებოდა, რუსეთს 2019 წლის ზაფხულში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მზად ჰქონდა, თუმცა ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი უკან დახიაო. საქართველოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან ცალმხრივად 2009 წლიდან აქვს გაუქმებული, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთმა კი აღნიშნული ნაბიჯისთვის მზაობა, მათ შორის პრეზიდენტის დონეზე, თუმცა მხოლოდ განცხადებით, არაერთხელ გამოხატა და კონკრეტული ნაბიჯი არც ერთხელ არ გადაუდგამს. მიზეზად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას ასახელებდნენ. რა შეიცვალა ამ კუთხით 11 წლის შემდეგ, ლავროვს მაშინ არ განუმარტავს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც დაადასტურა, რომ ამ კუთხით დაპირება რუსეთის მხრიდან არაერთგზის გაიცა, თუმცა დაპირება ყოველ ჯერზე დაპირებად რჩებოდა. ამდენად, შეიძლება, ითქვას, რომ რუსი ჩინოვნიკები უბრალოდ ტყუიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთმა რუსოფობიის გამოვლინებად 20–21 ივნისის მოვლენები შეაფასა, როდესაც რუსი დეპუატტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოთავსდა და საზოგადოებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან რუსულ ენაზე მიმართა. აღნიშნულს მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი. პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოუხდა, ხოლო დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ლავროვის მიერ ხსენებული ასამბლეის ვიზიტის მომზადებაში იყო ჩართული, – მანდატის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვითარებული მოვლენები რუსეთში "რუსოფობიის" გამოვლინებად შეფასდა და პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რა თქმა უნდა, რუსეთში არ განუმარტავთ, რატომ გახდა საქართველოში ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აგვისტოს 2008 წლის ომიდან 11 წლის შემდეგ, როდესაც გასული 10 წლის განმავლობაში ისინი საფრთხეს არ გრძნობდნენ.

რაც შეეხება ლავროვის მიერ ხსენებულ „ურთიერთობის ნორმალიზების მუდმივ სურვილს“, რეალურად საქართველოსთან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი ამ დრომე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით ქართველი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში და ამ საკითხის დაყენებისას რუსეთის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებენ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს; სადღეისოდ არსებული მოცემულობით, რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ განუყოფელ ნაწილზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე; მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; კრემლმა საქართველოს ეს ორი რეგიონი აღიარა "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად"; გრძელდება მცოცავი ანექსია საქართველოს ტერიტორიის მავთულხლართების შემოღობვის სახით (14 იანვარსაც განახლეს პროცესი ოკუპანტებმა), რის გამოც უკვე ომის შემდეგ მოქალაქეებმა დაკარგეს სახლები და სახნავ-სათესი მიწევი; საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიდან, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს; ოკუპაციას უკანასკნელ წლებშიც ჰყავს მსხვერპლი ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას სახით – არც ერთ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულა.

აგვისტოს ომამდე საქართველოში რუსული "ეფესბე"–ს აგენტების დაკავებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოჰყვა მასშტაბური ეკონომიკური სანქციები, ქართული პროდუქციისთვის დახურა რუსული ბაზარი, გარდა ამისა, ათასობით ქართველი ეთნიკური ნიშნით გამოდევნა რუსეთის ტერიტორიიდან სატვირთო თვითმფრინავებით. დეპორტაციას ახლდა მსხვერპლიც. საქმე საქართველომ რუსეთს მოუგო სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაზარალებული მოქალაქეები ამ დრომდე კომპენსაციის მოლოდინში არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S