10-07-2024 14:57:36 პოლიტიკა
ოპოზიცია ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებებს ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
პარტია „ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისათვის ყველაფერს აკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გამალებული მცდელობების შედეგად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დაიბლოკა. ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ეს შედეგები დამდგარიყო. „ქართული ოცნების“ ადეკვატურობის იმედი ხალხს აღარ აქვს. პარტნიორები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისათვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს. ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისთვის. ამ პროცესიდან გამოსავალი, ხალხის სასარგებლოდ არის ის, რომ ხალხის ხელით 26 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის".
„დღე არ გავა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა არ გავიგოთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების კურსს ასცდა. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების დასახული გეგმის პირდაპირი ღალატი. თუ პროცესი გაგრძელდა, საქართველოს მთავრობა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. ეს კი იქნება უმძიმესი შედეგი როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით", – განაცხადა მან და დასძინა, რომ შექმნილი ვითარების გამოსწორების "ერთადერთი შანსი არის ის, რომ ეს მავნებლური მმართველობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს".