10-07-2024 17:43:00 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 9-17 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეია თბილისსა და ერევანს ეწვევა, რათა "განიხილოს დემოკრატიული მმართველობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება და მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის საკითხი".
"საქართველოში უზრა ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის კანონთან” და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. იგი ცხადყოფს, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებისადმი.
გარდა ამისა, იგი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ყველა ქართველის ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ამასთან, იგი ეწვევა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც დაარსებულია რუსეთის მიერ საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ.
სომხეთში, იგი შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისაუბრებს აშშ–სომხეთის პარტნიორობის განმტკიცებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების წინსვლის შესახებ კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმების მიმართულებით", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.