ნინო წილოსანის რუსული ნარატივი: არაერთი შეფასებით, ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა

11-07-2024 13:43:39 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი იმეორებს რუსულ ნარატივს 2008 წელს NATO-ს მიერ ბუქარესტში გამართული სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და დასავლური სამყაროს თანადგომისა. ამის ფონზე ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე ავლებს, რომელსაც შეიძლება დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, რაც თითოეული ჩვენგანის დაღია და ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება", – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.

დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

2008 წელს ბუქარესტში გამართული NATO–ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ NATO–ს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) იქნებოდა.

ამავე თემაზე: ოსტინი: NATO-ს გაფართოებამ კი არ გამოიწვია პუტინის ომი, პუტინის ომმა გამოიწვია NATO-ს გაფართოება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები