„პირისპირ მტერთან“: რატომაა განგაშის საფუძველი ვაშინგტონის სამიტის მთავარი  დოკუმენტი

11-07-2024 17:16:50 ანალიზი

მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებისა, არაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს საკითხი უმაღლეს დონეზე იყო ნატო–ს სამიტის დღის წესრიგში, თუმცა ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო მოლოდინი, რომ უკვე არსებული პაკეტის გაძლიერებაზე მაინც იქნებოდა საუბარი. მაშინ ეს მოლოდინი გარკვეულწილად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმაც დაადასტურა, „რამდენიმე მიმართულებაზე ვმუშაობთ პარტნიორებთანო“, საბოლოოდ კი მივიღეთ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები – პუნქტში სადაც ხაზგასმულია, რომ რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, სადაც ისინი განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

  • დოკუმენტი არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი;
  • საქართველო არ არის ნახსენები არც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში – დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის:

„ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაძლიერებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენს უსაფრთხოების გამოწვევებზე და პოტენციურ შესაძლებლობებზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, შესაბამისად. ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

„ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური კომუნიკე, სადაც კონკრეტულად და დეტალურად ნებისმიერ რეგიონზე, ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა თემატიკასთან დაკავშირებული თემები“,– ამგვარად ხსნის დოკუმენტის შინაარსს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე.

„ეს იყო მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც კი არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60-70-80 და უფრო მეტიც გვქონია. აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო ნახსენები მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ისე ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს თავის ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად“,– ირწმუნება საქართველოს ელჩი, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–ს (რომელიც საქართველოს მთავარი ლობისტი იყო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი) საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა აქვს დაანონსებული, ანალოგიური პროცესები მიდის ევროკავშირში (ბლოკის წევრთა უმრავლესობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრიცაა).

განსხვავებულად ფიქრობენ პროცესზე დამკვირვებლები. მათი ხედვით, ერთის მხრივ, დოკუმენტი პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მეორეს მხრივ – საქართველოსთან მიმართებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არანაკლები პრობლემები გვაქვს ნატო–ს მიმართულებითაც – როგორც ევროკავშირში, ისე ნატო–ში გაწევრიანების პროცესი გაყინულია. მეტიც, არსებობს რეგრესის თაობაზე შიშები.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გაწეული მთელი შრომა „რუსული კანონის“ წყალობით გაქრა", – ამბობს „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ლუკ კოფი და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას აკისრებს.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი გვახსენებს, რომ ნატო–ში ინტეგრაციის პროცესი კომპლექსური საკითხია, რომელიც სამხედრო – უსაფრთხოების კუთხით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.

„ამ კუთხით პროცესის გაყინვა გვაქვს – არ გვექნება ახალი დაფინანსებები, ახალი თანამშრომლობის პროექტები, წვრთნებში არ მივიღებთ მონაწილეობას და გამოდის, რომ პრაქტიკულად, დაუცველები ვრჩებით სამომავლო გამოწვევების წინაშე! ამ შემთხვევაში შეიძლება, პირისპირ მოგვიწიოს მტერთან დარჩენა!“.

ცქიტიშვილი შიშობს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, მოქმედი პროგრამებიც დაექვემდებაროს გადახედვას:

„ჩვენმა ყველაზე მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ნატო–ს ფარგლებში და ორმხრივ ურთერთობებში – აშშ–მ უარი უთხრა საქართველოს წვრთნებში მონაწილებაზე. მომავალ წელს სხვა წვრთნებია დაანონსებული და თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, იმაზეც უარს იტყვიან. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ წვრთნები არ არის – წვთნა ნიშნავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების შესწავალა – გამოყენებას, ტაქტიკური, სტრატეგიული საკითხების შესწავლას შესაძლო საფრთხეების პირობებში. თუ არსებული პოლიტიკა გაგრძელდა, ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება რეგრესი, ისევე როგორც ევროკავშირის მიმართულებით“.

და როდესაც, მათ შორის, რეგიონში არსებულ კრიტიკულ ვითარებაში ნატო–სთვის საქართველოს პრიორიტეტულობა იკლებს, ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმაა საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვიუნარიანობის განვითარებაზე.

მართალია, სახელისუფლებო პროპაგანდა გვარწმუნებს, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ჯერ არჩამოყალიებბული სისტემის განუყოფელი ნაწილიაო, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა. დიახ, საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყანაა, ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცეა, მაგრამ უსაფრთხოების სისტემაში ადგილს, ისიც ფუნქციურის, აქტივობა, მოპოვება და სანდო პარტნიორის სტატუსი ესაჭიროება. აქ კი კვლავ ვუბრუნდებით პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხურობას, რომლებიც სახელისუფლებო პროპაგანდას „გლობალური ომის პარტიად“ ჰყავს გამოცხადებული.

„ჩვენს რეგიონში კრიტიკული ვითარებაა. პარალელურად საუბარი მიდის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რომელიც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ კი გვაქვს პროცესების ცალსახა გაყინვა და ზოგ შემთხვევაში – რეგრესი! ეს განგაშის საფუძველია, რადგან ჩვენ ალტერნატიული უსაფრთხოების სისტემის შექმნის რესურსი არ გვაქვს! თუ საქართველოს არ სურს, იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, მის გარეშე ჩამოყალიბდება ის და სხვა ქვეყნები მიიღებენ ბენეფიტს, როგორც აქამდე ხდებოდა. იგივე ეხება ევროკავშირსაც.

თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი – ნატო–ს წევრები არიან, რჩებიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. სხვათა შორის, მოლდოვას სერიოზული პროგრესი აქვს, იქ კონსტიტუციური შეზღუდვაა, მაგრამ ამაზე მიდის საუბარი. უკრაინის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებს ძალიან ფართო მექანიზმი ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელი პირობა იქნება ომის დასრულების შემდეგ რომ იგივე აღარასდროს განმეორდეს და ეს ალბათ წევრობა იქნება, და ჩვენს სად ვართ? არსად, რადგან მეგობარი აღარ დაგვრჩა! საქართველოს მთავრობას არც ერთი საერთაშორისო მეგობარი არ ჰყავს! ვიტყოდი, რომ არც რუსეთია მათი მეგობარი – დააშანტაჟებს. თუ არც ერთი პარტნიორი ქვეყანა არ დაგვრჩა, ძალიან მანიპულირებადი გახდება საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის – პრაქტიკულად თოჯინა ვხდებით რუსეთის ხელში! სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პროცესის მთავარი ტრაგიკულობა!“.

თუ შენელდა თანამშრომლობის ინტენსივობა, ეს იმოქმედებს შეიარაღებულ ძალებზე,– გვეუბნება გენერალი გიორგი სურმავა.

ის ნატო–ს ძალებთან თავსებადობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არსებული პროგრამების შეჩერება გავლენას მოახდენს მასზე.

„თავსებადობას მიღწევა სჭირდება და შემდეგ მუდმივი შენარჩუნება, ისევე, როგორც მზადყოფნას. აი, რამდენად კრიტიკულია უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით, ვერ გეტყვით. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან სამხედრო თვალსაზრისით საფრთხეები არ გვემუქრება, ჩრდილოელი მეზობელი უახლოეს პერსპექტივაში საკმაოდ დაკავებულია და იქიდანაც უახლოეს პერსპექტივაში ნაკლები საფრთხეა. მომავალში კი თუ ასე გაგრძელდა და აღარ მოისურვეს ჩვენთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე“.

გენერალი ხაზს უსვამს, რომ „დღევანდელ მსოფლიოში ალიანსები ძალიან მნიშვნელოვანია“:

„მარტოდ აღარავინ ომობს, აშშ–ც კი (ერაყი იყო თუ ავღანეთი), მუდმივად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ჰყოლოდა. რუსეთსაც კი გაუჭირდა მარტოს – მარტოდ დარჩენა ძალიან ძნელია, ამიტომ, პარტნიორები უნდა ვეძებოთ, უმჯობესია, აღვადგინოთ და განვავითაროთ დასავლეთის მიმართულებით ძალისხმევა".

ცქიტიშვილი, მიუხედავად დრამატული ვითარებისა, ასკვნის, რომ პარტნიორებმა დატოვეს დიპლომატიური სივრცე ცვლილებებისთვის: „ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი ბოლო მომენტში და გამონაკლისის სახით დაპატიჟეს და ისიც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. ანუ შესაძლოა, საქართველო ამ სამიტზე საერთოდ არ ყოფილიყო. საქართველოს როლი, თანამშრომლობის ხარისხი მთლიანად გადახედვის პროცესშია! უბრალოდ ამაზე უფრო მკაფიო განცხადება ვერ გაკეთდებოდა, რადგან ჯერ კიდევ რჩება სივრცე ცვლილებებისთვის – ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ან მათი ქმედებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები