"რუსებს ვახარებთ! პირველი მსხვერპლი თავდაცვაა!" – რას ფიქრობს გენერალი შეჩერებულ პროგრამებზე

09-07-2024 17:19:09 ინტერვიუ

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მომწყვდევის პირველი მსხვერპლი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღმოჩნდა, როგორც დახმარების მსხვილი მიმღები: ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა (საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკური, კიბერთადაცვითი), მომარაგება და მომსახურება. რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ–მა განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ თბილისთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში. ხოლო მიზეზად შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ „საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებები“ დასახელდა. საქართველოს თავდაცვაში „დასანანი“ უწოდეს გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ, დრამატულ სურათში ოპტიმიზმის შემოსატანად, განაცხადეს, რომ ქართულ და ამერიკულ თავდაცვით უწყებებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, თუმცა ამ „ოპტიმიზმს“ წერტილი დაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა მკაფიო შეხსენებით, საქართველოსთან აშშ–ის „ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშიაო“.

ცხადია, მსგავს გადაწყვეტილებებს აქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო განზომილება და არსებულ მოცემულობაში, არც ერთი მიმართულებით არ რჩება ოპტიმიზმის საფუძველი, მით უფრო, რომ „შემდგომი ნაბიჯებია“ დაანონსებული. მსგავსი განცდა აქვს გადამდგარ გენერალ–მაიორს, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძესაც.

„სამხედრო განზომილების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგიაო“,– თქვა მან „აქცენტთან“ საუბრისას და განმარტავს, რომ „როდესაც დაახლოებით 350 მილიონია შენი სამხედრო ბიუჯეტი (რეგიონში ყველაზე მცირე), თითოეულ დოლარს აქვს ფასი“. და ეს აისახება წვრთნებზე, მომზადებაზე, აღჭურვილობის შეძენაზე. ცხადია, თანხები გარკვეულ პროგრამებზე იყო მიმართული, მაგრამ ათავისუფლებდა რესურსებს სხვა საჭიროებებისთვის, იგივე აღჭურვილობის შესაძენად – ამრიგად, მოქმედებდა ერთგვარი ჯაჭვური პრინციპი.

„პოლიტიკური თვალსაზრისით კი – ვახარებთ რუსებს! ხმები მომდის, რომ სკანდინავიის ქვეყნებიც აჩერებენ გვარდიის დახმარებას – მრავალი წელია, გვარდიას ძალიან მჭიდრო მხარდაჭერა ჰქონდა სკანდინავიის ქვეყნებიდან“,– წუხს გენერალი.

„ღირსეულ პარტნიორს“ ვერ ჩავანაცვლებთ“

„ღირსეულ პარტნიორს“ პირველად საქართველომ 2015 წელს უმასპინძლა. თავდაპირველად მასში მხოლოდ ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ მონაწილეობას. გენერალი კაპანაძე იხსენებს, რომ მოლაპარაკება არ იყო მარტივი პროცესი: „წარმოიდგინეთ, ჯერ უნდა დაგვერწმუნებინა ამერიკელები, რომ სწავლება ჩაეტარებინათ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის 20%–იც ოკუპირებულია, რუსეთი მუდმივად აფრთხილებდა ყველას, რომ „არ ჩარეულიყვნენ საქართველოს საქმეებში“, იყო მწვავე განცხადებები“.

„ამერიკელები დავითანხმეთ, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“,– ამბობს გენერალი, თუმცა შემდეგი ეტაპი იყო სამხედრო გადაწყვეტილება, „გარკვეული დანაყოფები ხომ უნდა გადმოესროლათ ევროპული სარდლობიდან საქართველოში – რესურსები, ლოგისტიკა, ხარჯები... უაღრესად რთული საკითხი იყო ამ ჯარების უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებულად გადმოყვანა, განლაგება, განთავსება, სწავლების უსაფრთხოდ ჩატარება და ა.შ.“

უკვე შემდგომ წლებში სწავლება მრავალეროვნული გახდა, „სიამოვნებით მონაწილეობდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნები“. ფართოვდებოდა ამოცანებიც. მაგალითად, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზნად მითითებულია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. „აღებული იყო რეალური გარემო, რეალური სცენარები, რეალური გეოგრაფია, რეალური ძალები და რეალური საფრთხეები“,– იხსენებს კაპანაძე.

კაპანაძე შიშობს, რომ ამ მასშტაბის წვრთნებს საქართველო ვერ ჩაანაცვლებს:

„ეს არ იყო საექსპედიციო, ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენი ან ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართული წვრთნები, რომელსაც მაგალითად, ქართული შეიარაღებული ძალები გადიოდა ავღანეთის თუ ერაყის მისიებისთვის. ეს წვრთნები იყო მიმართული კონვენციური მოქმედებისთვის, ცხადია, თავდაცვითი მიზნებისთვის, მაგრამ აღებული იყო რეალური მოწინააღმდეგე რეალურ გარემოში. შესაბამისად, ეს წვრთნები ითვალისწინებდა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებასთან ქართველი სამხედროების გაცნობას, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების ალგორითმში ჩაჯდომას, შტაბების ერთობლივად მუშაობას – თანაქმედებას ჩვენს სავარაუდო მოკავშირეებთან“.

გარდა ამისა, გენერალი ხაზს უსვამს, რომ ამ წვრთნებს თან ახლდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – „მონაწილე მხარეები ახორციელებდნენ გათვლებს, რა დრო დასჭირდებოდათ მათ საჭიროების შემთხვევაში ძალების გამოსასროლად საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით“.

თავის მხრივ, ქართული მხარე ახორციელებდა მასპინძელი ქვეყნისთვის აუცილებელ მზადებასა და გათვლებს: იგივე საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ამ შეიარაღებული ნაწილების – „ეს უნდა ყოფილიყო შერეული, როგორც ბორბლიანი ტრანსპორტით, ასევე რკინიგზით და ა.შ“.

შემდეგ, კაპანაძის თქმით, ეს გათვლები გამოყენებული იყო საქართველოს თავდაცვის მოწყობა–დაგეგმარებაში, ოპერატიულ გეგმაში, რომელიც თავდაცვას ეხებოდა.

„კომპიუტერული ტექნიკით სადღეისოდ ყველაფრის გამოთვლა შეიძლება, მაგრამ რეალურ გარემოში აბსოლუტურად სხვა ვითარებები იქმნება: ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, უამინდობა, გზების გამტარობის შეფერხება, ტრაფიკის გათვლა და ა.შ. ეს ძალიან დიდი სკოლა იყო როგორც შტაბის ოპერატორებისთვის, ისე ველზე მოქმედი სამხედროებისთვის, რომლებიც იგივე ამერიკულ „აბრამსებთან“ ერთად ურთიერთქმედებდნენ, ამერიკული თვითმფრინავებიდან ხდებოდა დესანტირება, არტილერია ამერიკულ არტილერიასთან ურთიერთქმედებდა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,– ხაზს უსვამს კაპანაძე.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სწავლებებმა, სამხედროების დაახლოებამ ძალიან გაააქტიურა ურთიერთქმედება ქართველ და ნატოს– სამხედროებს შორის“,– გვახსენებს კაპანაძე და განმარტავს, რომ „ამის შემდეგ გაჩნდა უკვე ამერიკული პროგრამა, რომელიც ქართული ბატალიონის მომზადებაზე იყო მიმართული; გაიზარდა ქართველი სამხედროების მონაწილეობა უცხოურ სწავლებებში, ისევე როგორც უცხოეთის სასწავლებლებში გაგზავნა ქართველი სამხედროების: წელიწადში დაახლოებით 20 ქართველი სამხედრო მიდიოდა აშშ–ში სხვადასხვა კურსებზე, ამას ემატება ბალტიისპირეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის სამხედრო სასწავლებლები – მომზადებული სამხედრო ხომ შენი სამხედრო თავდაცვისუნარიანობის კაპიტალია“.

პოლიტიკურ კონტექსტში კი წვრთნების განაცხადი იყო, რომ საქართველო მარტო არაა, მას გვერდში უდგას არა მხოლოდ აშშ, ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა:

„ამ თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ აქტიური და ძლიერი მოთამაშე ხდებოდა რეგიონში“.

„რუსეთისთვის სისუსტე აგრესიის აკუმულირების მაგნიტია“

ჯარი აუცილებელი პირობაა თავდაცვისუნარიანობისთვის,– გვახსენებს გენერალი და გამოთქვამს წუხილს, რომ ხელისუფლებას სრულად არ ესმის შეიარაღებული ძალების როლი, „თორემ ყველაზე სუსტი არ გვეყოლებოდა რეგიონში“:

„ყველაზე მცირე გვყავს, ყველაზე ნაკლები ბიუჯეტით და ნაკლები შეიარაღებით – ასეთია რეალობა!“.

ასევე კონსტანტირებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რეგიონში არასტაბილური ვითარებაა და ოფიციალურად რუსეთთან ომი არ დაგვისრულებია, „ასეთ შემთხვევაში სხვა ყურადღება სჭირდება შეიარაღებულ ძალებს“.

საქართველოს არ ფარავს არც უსაფრთხოების „ქოლგა“:

„აზერბაიჯანი არ ვართ, რომ თურქეთი გვფარავდეს, სომხებს უზარმაზარი დიასპორა ჰყავთ და არ დარჩებიან უპატრონოდ, ჩვენ კი მარტოდ ვართ და თითოეული მოკავშირე საქართველოსთვის შეუფასებელია!“.

ის წუხს, რომ დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების „პირველი მსხვერპლი“ თავდაცვის სამინისტროა, ყველაზე მეტ ზარალს ის განიცდის, რადგან საჯარო სექტორებს შორის სწორედ მას ჰქონდა პარტნიორების მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა, ამგვარი შედეგები კი თავდაცვისუნარიანობაზე პოზიციურად არ აისახება.

„მჯერა, რაც უფრო ძლიერი ხარ, უფრო ადვილად პოულობ მოკავშირეს და მეტად არის შემაკავებელი ფაქტორი მტრისთვის – რუსეთისთვის სისუსტე აგრესიის აკუმულირების მაგნიტია. როგორც კი ხედავს სისუსტეს, იყენებს!,– დასძენს გენერალი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები