
სანამ "ოცნების" პროპაგანდა მოსკოვისადმი ლოიალობის სანაცვლოდ სოხუმის დაბრუნების შესაძლებლობაში გვარწმუნებს, აფხაზეთი რუს ინვესტორებს ჰბარდებათ
11/07/2024 14:33:50 კონფლიქტები
სანამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა ცდილობს, დაარწმუნოს საქართველოს მოახლეობა, თითქოს რუსეთის მიმართ "სტრატეგიული თმენის" პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში მოკსოვი სოხუმს დაგვიბრუნებს, აფხაზეთში რუსული ანექსია მხოლოდ ძლიერდება. იმ ინფორმაციის კვალდაკვალ, რომ ოჩამჩირეს მშენებარე საზღვაო-სამხედრო ბაზაზე რუსული ფლოტის პირველი ხომალდები უკვე განთავსდნენ, სოცქსელებში გაჟონა რუსულ-აფხაზურმა შეთანხმებამ, რომლის რეალიზების შემთხვევაში აფხაზეთში ყველაფერ ფასეულს, მიწის ჩათვლით, რუსი ინვესტორები დაეპატრონებიან.
საუბარია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის შეთანხმებაზე "რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების რეალიზებისს თაობაზე".
ტექსტის მიხედვით, აფხაზური მხარე იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
- იურიდიულ პირებს (რუს ინვესტორებს) მიანიჭოს უფლება, აფხაზეთში საინვესტიციო პროექტები განახორციელონ;
- ამ მიზნით იურიდიულ პირებს (რუს ინვესტორებს) მიწის ნაკვეთები გამოუყოს;
- საინვესტიციო პროექტების რეალიზებისას შექმნილ ობიექტებზე საკუთრების უფლების დაცვა და მათით სარგებლობის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა უზრუნველყოს;
- გაათავისუფლოს იურიდიული პირები (რუს ინვესტორები) ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანიდან 8 წლის ვადით;
- უზრუნველყოს სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით მათი უპირატესი უფლება, მშენებარე ობიექტები მიუერთონ საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელებს;
- უზრუნველყოს საინვესტიციო ობიექტების ასაშენებლად სესხის გაფორმების შესაძლებლობა;
თავის მხრივ, რუსული მხარე იღებს ერთადერთ ვალდებულებას, არ დააწესოს ცალმხრივი რაოდენობრივი შეზღუდვები რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში საქონლის ექსპორტზე საინვესტიციო პროექტების რეალიზების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
აღნიშნული ტექსტის გაჟონვას აფხაზი კომენტატორების მხრიდან ფართო გამოხმაურება და კრიტიკის ტალღა მოჰყვა. არაერთი კომენტატორი დოკუმენტს "რუსი ინვესტორებისთვის აფხაზეთის ჩაბარების შესახებ შეთანხმებად" აფასებს.
"ამ ტექსტის მიხედვით, რუსი ინვესტორები მიიღებენ იმუნიტეტს, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ფარგლებს სცდება" - თვლის აფხაზი ექსპერტი თენგიზ ჯოპუა. მისივე შეფასებით, მსგავი შეთანხმება რუსი ინვესტორებისთვის უპრეცედენტო პრეფერენციებს ქმნის, რომელთაც კონკურენციას ვერც ერთი აფხაზი მეწარმე ვერ გაუწევს".