ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს
20/01/2020 08:58:07 პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობაზე უარს ამბობს. ინფორმაცია მან განცხადების სახით გაავრცელა.
ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, უსამართლოდ მიაჩნია ხელახლა გახდეს დეპუტატი პარტიული სიით კუთვნილი რიგითობით, მაშინ როცა ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა, მოგვიანებით კი პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა.
„ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას - სამართლიანად არ მიმაჩნია!.. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილი პარტიული სიით პარლამენტში დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო.


