
ოკუპირებულ ცხინვალში ორმხრივი სროლის შედეგად ყოფილი მაღალჩინოსნები დაიჭრნენ
15/07/2024 16:40:38 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში, ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ძმები კაბისოვები დაიჭრნენ. ისინი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ნათესავები და მისი ე.წ. ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ.
"ლევ კაბისოვი დე ფაქტო პრეზიდენტის პირადი მცველი იყო და როგორც ცხინვალიდან იუწყებიან, სიგარეტის და სხვა კონტრაბანდული პროდუქტის შეტანას აკონტროლებდა. მისი ძმა სერგეი კაბისოვი კი ე.წ თავდაცვის მინისტრის მოადგილე", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
ინციდენტი 14 ივლისს მოხდა. სააგენტო "რეს"–ის ცნობით, ფეხებში დაჭრილი ძმები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, ოსური მედიის ინფორმაციით, ძმები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ჩვენებას არ აძლევენ.
"მომხდართან დაკავშირებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ძალოვანები შეკრიბა და მათ ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავება მოსთხოვა. დე ფაქტო ძალოვანი უწყებები არ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, ვინც კაბისოვებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ტელეგრამ– არხები იუწყებიან, რომ თავდამსხმელებს შორის ალან გაგლოევის ძმაც იმყოფებოდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის ძმა ოკუპირებულ რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტია. სოციალური ქსელების მომხმარებლების გამოხმაურება ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვაგვარია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო კრიმინალური გარჩევა და კონტრაბანდულ ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ორ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება, მეორე ნაწილი კი ამ საქმეს პოლიტიკასთან და ე.წ საპარლამენტო არჩევნებთან აკავშირებს.
როგორც ცნობილია, ყოფილი "პრეზიდენტის" ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი“ გაგლოევის ხელისუფლებას ე.წ. არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ძმები კაბისოვები სწორედ ბიბილოვის "საარჩევნო შტაბში" იყვნენ და ე.წ. არჩევნების დროს დაეძაბათ ურთიერთობა გაგლოევის ძმასთან. ტელეგრამ–არხ „ბონვარონის“ კომენტატორები იხსენებენ, რომ ძმებმა კაბოსოვებმა შექმნეს რეგიონში განუკითხაობა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე დევნა. ბიბილოვის კრიტიკის გამო, სერგეი კაბისოვი ვლადიკავკაზშიც კი ჩავიდა და იქაური ჟურნალისტს რუსლან ტოტროვს სცემა. ხმაურიანი სკანდალი მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც საქმეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია. კომენტატორები იმასაც წერენ, რომ დღისით, მზისით ქუჩაში ბავშვების გაშვება უკვე სახიფათოა, რადგან კრიმინალური ბანდები ერთმანეთთან ურთიართობას კანონის ნაცვლად იარაღით აგვარებენ.
ცხინალელ სამართალდამცავებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირები არ დაუკავებიათ. დე ფაქტო შსს-ს ცნობით, დამნაშავეების ძებნა მიმდინარეობს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".