Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-10 ივლისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-10 ივლისი

16/07/2024 08:06:04 კონფლიქტები

რუსეთი „აფხაზეთის ტერიტორიიდან ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებას“ გეგმავს

რუსეთის სამხედრო ჟურნალისტმა ვლადისლავ შურიგინმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდების ინიციატივა გააჟღერა. ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხზე განაცხადა.

შურიგინის თქმით, „საჭიროა აფხაზეთში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების შეყვანა, რომლებიც პარტიზანული საქმიანობით დაკავდებიან, მათ შორის აფხაზური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით შავი ზღვის თავზე ამერიკულ საჰაერო ხომალდებს ჩამოაგდებენ“. „ჩვენ ხომ გვაქვს ასეთი სახელმწიფო - აფხაზეთი და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?! თუ ასე მოხდება, ჩვენს მიმართ პრეტენზიები ვერავის ექნება, ხომ ასეა? აფხაზეთი კი არაღიარებულია და პასუხიც სოხუმს მოეთხოვება“ - განაცხადა შურიგინმა.

რუსი პროპაგანდისტის განცხადებას აფხაზურ სოციალურ ქსელში ძალზე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატი“ ინარ გიცბაც გამოეხმაურა. „შურიგინის განცხადებები აბსოლუტურად მოკლებულია არა მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების საფუძვლების ცოდნას და ეწინააღმდეგება „აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის №1260 ბრძანებულების ლეგიტიმურობას, არამედ ტერორისტული და ექსტრემისტული პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს“, - აღნიშნა გიცბამ.

აფხაზეთში „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა იგეგმება

როგორც აფხაზმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ განაცხადა, დე ფაქტო პარლამენტში „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა, შესაძლოა, ივლისის ბოლოს, დაჩქარებული წესით მოხდეს.

კვარჩია აფხაზურ საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ხელახლა წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო „ეშმაკური“ იქნება. მისი თქმით, დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას ე.წ. კანონპროექტის წარდგენა „აღმოსავლეთ აფხაზეთის განვითარების“ საბაბით სურს. „ბატონი ბჟანია ვერაფრით დაშოშმინდა. მესმის, რომ მას გარკვეული ვალდებულებები აქვს, ასე ვთქვათ, ოლიგარქიული გაერთიანების გარკვეული ძალების წინაშე. ეს არის სქემა, სადაც მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი მდიდრდება და სახელმწიფო ამ პროცესების მიღმა რჩება. პრეზიდენტის ხრიკი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მას სურს წარადგინოს ეს კანონპროექტი არა მთლიანად, არამედ თითქოსდა, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარებისთვის“, - აცხადებს კვარჩია.

„დეპუტატი“ მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოფხიზლდეს, რადგან, მისი თქმით, „კანონპროექტი“ არის შენიღბული სქემა აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენად, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით არაფრის მომტანია, ხოლო დემოგრაფიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. „აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფას ნიშნავს. ხვალ ეს აისახება აფხაზეთის სოციალური ცხოვრების ყველა ფენაზე. ყველას შეეხება. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვუთხრათ პრეზიდენტს „არა“, - აღნიშნა კვარჩიამ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი განცხადება აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტების მშენებლობის თაობაზე. რამდენიმე ხნის წინ აფხაზურ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აპარტამენტების მშენებლობა შესაძლოა ტყვარჩელისა და გალის რაიონებში დაიწყოს.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ავრცელებენ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომელიც მან 2023 წელს ტურიზმის განვითარების საკითხებზე მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა და ეჭვი შეიტანა რუსეთში აპარტამენტების მშენებლობის მიზანშეწონილობაში, ვინაიდაინ, მისი თქმით, ეს ტურისტული ობიექტი არ არის და საკურორტო სეზონის დროს მომგებიანი ვერ იქნება.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პრობლემები განიხილეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემებზე ისაუბრეს. რიგგარეშე სხდომის მიზეზი სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. „პარლამენტის სხდომაში მონაწილეობა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა მიიღო. მან განაცხადა, რომ საგზაო ავტოინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ვალენტინ ტრაპში თანამდებობას დატოვებს, ხოლო თავად სამსახურში მოხდება რეორგანიზაცია, რომლის შედეგად აყვანილი იქნება უფრო კვალიფიციური კადრები.

„დეპუტატებმა“ მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდეს სამართალდამცავ „უწყებებს“, დაიცვან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები, გააძლიერონ კონტროლი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე და საგზაო მოძრაობის დამრღვევთა მიმართ სასჯელის გარდაუვალობა. ე.წ. პარლამენტმა მოქალაქეებს და სტუმრებს სიფხიზლისა და მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, „პარლამენტის წევრებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საპარლამენტო კომისიის“ შექმნის შესახებ. მათი განცხადებით, კომისია კოორდინაციას გაუწევს „პარლამენტსა“ და „შინაგან საქმეთა ორგანოებს“ შორის თანამშრომლობას ავტოსაგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.

სოხუმი ოთხ ქალაქთან დაძმობილების „ხელშეკრულების“ გაფორმებას აპირებს

სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ავთანდილ სურმანიძემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში დაძმობილების „ხელშეკრულების“ გაფორმება სანქტ-პეტერბურგთან, გროზნოსთან, ცხინვალთან და ლუჰანსკთან იგეგმება

აღსანიშნავია, რომ ახლახან სოხუმი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკთან „დაძმობილდა“. „ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სოხუმის დღის აღსანიშნავად გამართული ზეიმის ფარგლებში შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S