აფხაზეთში "რუსული კანონის" გამო მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირებები დაიწყო
17/07/2024 12:21:36 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "აპარტამენტების შესახებ" რუსული კანონის მიღების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის დაპირსპირებები მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტის შენობასთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დე-ფაქტო დეპუტატებმა მომიტინგეებთან შეხვედრის მოთხოვნა უგულებელჰყვეს და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის სხდომაზე მაინც მიიღეს "რუსულად" ცნობილი სადავო კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის ჯამში 200 000-მდე მოქალაქისთვის აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს მათ მიერ ამ აპარტამენტების საკუთრებაში შეძენის უფლებით.
განხილვა იმთავითვე საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მომიტინგეები ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან ითხოვდნენ მათი რამდენიმე წარმომადგენლის დე-ფაქტო პარლამენტში შეშვებას "დეპუტატებთან" შესახვედრად, ან "დეპუტატების" მომიტინგეებთან გასვლას, თუმცა უშედეგოდ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კანონპროექტის მიღების შესახებ, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ ძალოვანებს შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.
"კრემლთან შეკრული მოღალატე ხელისუფლება ხალხის აზრის სრული იგნორირებით ერთი მეორეს მიყოლებით იღებს კანონებს, რომლებიც აფხაზურ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და საბოლოოდ რუსეთის საკუთრებად გადაგვაქცევს" - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლას არ აპირებენ.