
აფხაზეთში ოპოზიციონერი აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა ძებნაში გამოაცხადეს
17/07/2024 13:57:10 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა ძებნაში გამოაცხადეს.
დე-ფაქტო შსს ადლეიბას "პარლამენტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგის მიმდინარეობისას "ძალოვანების მისამართით ცეცხლის გახსნაში" ადანაშაულებს.
თუმცა როგორც აფხაზური ტელეგრამ-არხები იუწყებიან, ადლეიბამ კუთვნილი იარაღიდან მხოლოდ ჰაერში გაისროლა იმ დროს, როდესაც ძალოვანებმა მიტინგის დაშლა სცადეს.
ცნობისთვის: დღეს აფხაზეთში "აპარტამენტების შესახებ" რუსული კანონის მიღების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირსპირებები მოხდა.
შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დე-ფაქტო დეპუტატებმა მომიტინგეებთან შეხვედრის მოთხოვნა უგულებელჰყვეს და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის სხდომაზე მაინც მიიღეს "რუსულად" ცნობილი სადავო კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის ჯამში 200 000-მდე მოქალაქისთვის აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს მათ მიერ ამ აპარტამენტების საკუთრებაში შეძენის უფლებით.
განხილვა იმთავითვე საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მომიტინგეები ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან ითხოვდნენ მათი რამდენიმე წარმომადგენლის დე-ფაქტო პარლამენტში შეშვებას "დეპუტატებთან" შესახვედრად, ან "დეპუტატების" მომიტინგეებთან გასვლას, თუმცა უშედეგოდ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კანონპროექტის მიღების შესახებ, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ ძალოვანებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
"კრემლთან შეკრული მოღალატე ხელისუფლება ხალხის აზრის სრული იგნორირებით ერთი მეორეს მიყოლებით იღებს კანონებს, რომლებიც აფხაზურ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და საბოლოოდ რუსეთის საკუთრებად გადაგვაქცევს" - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.