Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-14 ივლისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-14 ივლისი

19/07/2024 07:19:51 კონფლიქტები

აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმება მომზადდა

დე ფაქტო პარლამენტმა დაიწყო რუსულ-აფხაზური „შეთანხმების“ პროექტის განხილვა რუსული კომპანიების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ. ადგილობრივ სოცქსელებში გაჟონა შეთანხმების ტექსტმა, რომლის მიხედვით აფხაზეთი იღებს რიგ ვალდებულებებს რუსი ინვესტორების წინაშე, კერძოდ:

  • იურიდიულ პირებს (რუს ინვესტორებს) მიანიჭოს უფლება, აფხაზეთში საინვესტიციო პროექტები განახორციელონ;
  • ამ მიზნით იურიდიულ პირებს (რუს ინვესტორებს) მიწის ნაკვეთები გამოუყოს;
  • საინვესტიციო პროექტების რეალიზებისას შექმნილ ობიექტებზე საკუთრების უფლების დაცვა და მათი სარგებლობის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა უზრუნველყოს;
  • გაათავისუფლოს იურიდიული პირები (რუს ინვესტორები) სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას იმპორტის საბაჟო გადასახადის გადახდისგან;
  • გაათავისუფლოს იურიდიული პირები (რუს ინვესტორები) ქონებისა და მოგების გადასახადისგან სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლიდან 8 წლის ვადით;
  • სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეები და კავშირები საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან;
  • უზრუნველყოს საინვესტიციო ობიექტებზე გირავნობის რეგისტრაციის შესაძლებლობა.

თავის მხრივ, რუსული მხარე იღებს ერთადერთ ვალდებულებას, არ დააწესოს ცალმხრივი რაოდენობრივი შეზღუდვები რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში საქონლის ექსპორტზე საინვესტიციო პროექტების რეალიზების ფარგლებში, რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

აღნიშნულ „შეთანხმებას“ ადგილობრივი საზოგადოების - ოპოზიციის, ექსპერტული წრეებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან დიდი პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

ამ ტექსტის მიხედვით, რუსი ინვესტორები მიიღებენ იმუნიტეტს, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ფარგლებს სცდება" - მიიჩნევს აფხაზი ექსპერტი თენგიზ ჯოპუა. მისივე შეფასებით, მსგავსი შეთანხმება რუსი ინვესტორებისთვის უპრეცედენტო უპირატესობებს ქმნის, რომელთაც კონკურენციას ვერც ერთი აფხაზი მეწარმე ვერ გაუწევს".

აფხაზი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თვლის, რომ ამ შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული აფხაზური ინტერესი. „პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებს განსახილველად გაუგზავნა შეთანხმების პროექტი აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ, სადაც გამადიდებელი შუშითაც კი ვერ მოიძებნება აფხაზური ინტერესი... არსებობს განცდა, რომ პროექტის ავტორებმა თავიდანვე განიზრახეს შეექმნათ, ერთი მხრივ, უსაზღვრო „საგადასახადო სამოთხე“ მსხვილი რუსული კომპანიებისთვის აფხაზეთში, სადაც ინვესტორს ზედმიწევნით უბრუნდება ყველა დაბანდებული თანხა და მეორე მხრივ, ამ ინვესტიციებიდან თავად რესპუბლიკის ბიუჯეტში არაფერი შესულიყო“ “, - წერს ხაშიგი.

ყოფილი „დეპუტატი“ ნატალი სმირი ე.წ. შეთანხმებას „ატომურ ბომბს“ უწოდებს. მისი მოსაზრებით, ის აფხაზური ბიზნესისთვის დისკრიმინაციულია, რადგან აფხაზი გადამხდელების ხარჯზე რუსი ინვესტორებისთვის უპრეცედენტო პრეფერენციებს ითვალისწინებს.

დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირების რეკომენდაცია გასცა

სოხუმში გაიმართა დე ფაქტო პარლამენტის „საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებზე“ კომიტეტის სხდომა, რომელსაც „დეპუტატი“ ალხას ბარციცი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განხილულ იქნა „კანონპროექტი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“, რომლის გაფორმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის იგეგმება. „კანონპროექტის“ განხილვაში მონაწილეობა ასევე მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბატალ აიბამ, „ვიცე-პრემიერმა“ და „ფინანსთა მინისტრმა“ ვლადიმირ დელბამ და „შემოსავლებისა და გადასახადების მინისტრმა“ მიხაილ გაბელიამ.

როგორც „კანონპროექტის“ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „შეთანხმება“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებისა და საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა. განხილვის შედეგად, „კომიტეტის“ წევრებმა „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს და შესაბამისი რეკომენდაციით „პარლამენტს“ მიმართეს.

მოსკოვსა და სოხუმს შორის „მთავრობათაშორის შეთანხმებას“ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ მიმდინარე წლის 7 მაისს მოეწერა ხელი.

ე.წ. მებაჟეებმა ენგურზე „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევის 210 შემთხვევა გამოავლინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რუსული ფსბ-ს სასაზღვრო განყოფილებამ 2024 წლის მეორე კვარტალში „სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის“ 210 შემთხვევა გამოავლინეს. გავრცელებული ინფორმაციით, „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის „სისხლის სამართლის პასუხისგებაში“ მიეცა 4 პირი, ხოლო დანარჩენებს ჯარიმა დაეკისრათ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამავე პერიოდში მათ ე.წ. საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის „უკანონო“ გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს, ამოღებულია 100 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია და ფსიქოტროპული ნივთიერებები 550 აბის ოდენობით.

„უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ადგურ არძინბამ რუსეთის „ელჩს“ აფხაზეთში მიხაილ შურგალინს წერილით მიმართა

ოპოზიციური გაერთიანება „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ რუსეთის ე.წ. ელჩს მიხაილ შურგალინს რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“ მოქალაქეების ხანგრძლივი გაჩერების საკითხზე ღია წერილით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ ავრცელებს.

არძინბას თქმით, ბოლო თვეების მანძილზე მანქანები აფხაზური „სანომრე ნიშნებით“ დგანან გრძელ რიგებში და ელოდებიან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, რომელსაც რუსეთის „სასაზღვრო“ სამსახური ახორციელებს. ოპოზიციონერი ე.წ. ელჩს ამ საკითხის მოგვარებაში დახმარების თხოვნით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ადგურ არძინბას ამ მიმართვას კრიტიკულად გამოეხმაურა სახელისუფლებო ტელეგრამ-არხი „ამრა-ლაიფი“. გავრცელებული პოსტის ავტორმა ოპოზიციის ლიდერი „პოპულიზმში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „საზღვრის“ კვეთასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება „ელჩის“ კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, პოსტის ავტორმა ახსენა მიხაილ შურგალინის განცხადება ოპოზიციასთან დაკავშირებით (ახლახან რუსეთის „ელჩმა“ განაცხადა, რომ ლეგიტიმური პარტიები „პარლამენტში“ არიან წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენები „მარგინალები“ არიან) და ადგურ არძინბას ურჩია, მისგან პასუხს არ დაელოდოს.

ოჩამჩირეს რაიონში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება დაფიქსირდა

ამერიკულმა თეთრმა პეპელამ ოჩამჩირის რაიონს დიდი ზარალი მიაყენა, ამის შესახებ დე ფაქტო მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გერიამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ამ ეტაპზე არ ატარებს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს მავნებლის წინააღმდეგ.

„ახლა ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობაა გავრცელებული. არსებობს დიდ ტერიტორიებზე მესამე თაობის გაჩენის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში, მონიტორინგი ამას გამოავლენს. ამჟამად, მნიშვნელოვანია ზომების მიღება მისი გავრცელების პრევენციისთვის“, - განმარტა მან და დასძინა, რომ ამერიკული თეთრი პეპელა აღმოსავლეთ აფხაზეთში უფროა მოდებული, ვიდრე დასავლეთში, რაც „ბუნებრივი მახასიათებლებით“ არის გამოწვეული.

„ამერიკული თეთრი პეპელა პოლიფაგური მავნებელია და აზიანებს 300-ზე მეტ სახეობის ხეხილს, დეკორატიულ და ტყის კულტურას. იკვებება თუთის, ვაშლის, მსხლის, ბოსტნეულის კულტურებით. ამრიგად, ის აზიანებს ნათესებსა და მცენარეებს. მაგრამ ციტრუსებისთვის უვნებელია“, - განმარტავს გერია. მისივე თქმით, აფხაზეთში მწერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა.

ოკუპირებულ გალს ახალი სიმბოლო ექნება

გალში „მთავარი შესასვლელი თაღის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც „რაიონის სიმბოლო და ახალი ღირსშესანიშნაობა“ გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, სტელა, რომელიც მანამდე შესასვლელში იდგა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დაურ კოვემ განაცხადა, რომ ობიექტი ახალი ტურისტული მარშრუტის ნაწილი იქნება და ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას როგორც აფხაზეთის დანარჩენი რაიონებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

7,8 მეტრის სიმაღლის თაღზე „გერბისა“ და აფხაზურენოვანი მისალმების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, რომლებიც გალის რაიონის „ადმინისტრაციის“ ბიუჯეტიდან ფინანსდება, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S