19-07-2024 16:15:04 ინტერვიუ
სრული სურათის გაბუნდოვანების, „აგენტების კანონის“ მიღების მოტივების კონტექსტში საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების და თითქოს პოზიტიური ზრახვების შეთავაზების მცდელობა,– ამგვარად აფასებს „აქცენტთან“ ჯერ უსაფრთხოების სექტორიდან, შემდეგ მის მიღმა რუსეთის პოლიტიკაზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი მმართველი გუნდის ახალ ვერსიას „აგენტების კანონის“ მიღების მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ, „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ზრდაზე ისაუბრა და მათ შორის, ამ კონტექსტში შემოგვთავაზა პრობლემური კანონის მიღების საჭიროება, რასაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მოქცევა მოჰყვა.
„იმ ფონზე, როდესაც რუსეთზე ტვირთები ვერ გადის, მოიმატა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობამ. [...] ამ ტვირთებმა უნდა გაიაროს შუა აზია, კავკასია და გავიდეს ევროპისკენ. ამ გზაზე და ამ ჯაჭვში სხვა პარტნიორებიც ხომ გიჩნდებიან? რაღაც პრეტენზიები ამ პარტნიორებს, სავარაუდოდ, ექნებოდათ ჩვენს მიმართ ამხელა პროექტში თუ შევაბიჯებდით. ამ სქემებში, მთლად ღიად ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა მონაწილეობა ამ ამბავს [„აგენტების კანონს“] ჰქონდა...ამიტომ, როგორც მინიმუმ, ჩვენს ქვეყანაში რა ფული იხარჯება, ეს უნდა ყოფილიყო გაკონტროლებული, რომ ამ გზის მონაწილეებს ჩვენი ნდობა ჰქონოდათ“.
დამაზუსტებელ შეკითხვას, „სხვა პარტნიორების მოთხოვნა იყო?“, დავითულიანი ამგვარად პასუხობს: „მოთხოვნა არა, უბრალოდ ნდობის გაღვივება იყო. ჩვენი ქვეყნის გავლით სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს პრობლემები არ უნდა შეუქმნან. ამიტომ, არ უნდა იყოს ისეთი ხვრელები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ეს შეექმნათ. სხვანაირად ძალიან გლობალურ პროექტებს ამ ქვეყანაში ვერ გააკეთებ“.
საუბარია „შუა დერეფანზე“, იგივე „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო გზაზე“ (TITR), რომელიც გვერდს უვლის როგორც ჩრდილოეთის (ძირითადად რუსულ) დერეფანს, ისე ტრადიციულ საზღვაო მარშრუტს ინდოეთის ოკეანეში, ასევე – ირანს. კერძოდ, მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გაივლის ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, შემდეგ ან თურქეთის გავლით უკავშირდება ევროპას, ან ტვირთები საქართველოდან მიემართება რუმინეთში და სხვადასხვა გზით ნაწილდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. სხვადასხვა პროგნოზით - და მონაწილე ქვეყნების სურვილის თანახმად - 2025 წელს დერეფნის გამტარობამ 10 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.
#1 საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში დავითულიანის (და ზოგადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების) სატრანზიტო ფუნქციის თაობაზე წინააღმდეგობაში მოდის სახელისუფლებო პროპაგანდასთან „ომში ჩათრევის“ მცდელობების თაობაზე. ერთის მხრივ, ხელისუფლება საუბრობს ევროპა–აზიის დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს „განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე“, მეორეს მხრივ – „ომში ჩათრევის“ ზრახვებსა და „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელშიც სახელისუფლებო პროპაგანდა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს აერთიანებს.
იხილეთ ასევე: ვის უნდა ომი – მითები და რეალობა
#2 გიორგი ბილანიშვილი სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, გვახსენებს, რომ ე.წ. შავი ფულით ანგარიშიდან ანგარიშზე ტრანზაქციები არ ხორციელდება, როგორც ეს საგრანტო პროექტების შემთხვევაშია და როდესაც, მათ შორის, განსაზღვრულია მიზნობრიობა.
და როდესაც დავითულიანი „აგენტების კანონის“ კონტექსტში გვთავაზობს სპეცსამსახურების საქმიანობის შეზღუდვის ვერსიას, ამ შემთხვევაშიც, ბილანიშვილი გვახსენებს, რომ „სპეცსამსახურები უმეტესად მოქმედებენ არალეგალური პოზიციებიდან“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამჭვირვალე და მიკვლევადი არ უნდა იყოს.
#3 გარდა ამისა, ამ ვერსიაში რუსეთი გაჰყავთ პროცესიდან, არადა ჩემი აზრით, ამ კანონის მიღების თვალსაზრისით სწორედ რუსეთია მთავარი აქტორი,– ამბობს ბილანიშვილი და საკუთარი ხედვის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს:
რატომ ახლა?
წლების განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოს ჰქონდა წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით: 2014 წელს მხარეებს შორის ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, 2016 წელს ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზოდ მიემგზავრებიან და სამ თვემდე დარჩენის უფლება აქვთ. 2023 წლის დეკემბერში კი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამდა ამ პროცესს, განსხვავებით ნატო–ში ინტეგრაციისა. თუმცა, ბილანიშვილი ამგვარ შთაბეჭდილებას მცდარად მიიჩნევს და არგუმენტად სწორედ რომ 2014 წლის მოვლენებს იხსენებს:
„2014 წელს უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას აფორმებდა და რუსეთმა ამის ჩაშლა (სურდა, უკრაინა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გაეხადა ) სცადა. იანუკოვიჩი [უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი] თავიდან არ თანხმდებოდა [რუსეთის მოთხოვნას], მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. იგივე სიტუაცია ჰქონდა სომხეთსაც [სომხეთმა ხელი არ მოაწერა ასოცირების შეთანხმებას]. უკრაინის და სომხეთის მაგალითი სწორედ იმას აჩვენებს, რომ სინამდვილეში რუსეთისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია, ისევე როგორც ნატოში, სერიოზული პრობლემა იყო“.
ხოლო ის, რომ საქართველომ ამ ვითარებაში შეძლო ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ბილანიშვილის დაკვირვებით, რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული:
„დღეს, „ალტ–ინფო"–ებს, ინტერნეტგვერდებს და გამოცემებს რომ შევეშვათ, ორი ტელევიზია, მათგან ერთი ყველაზე რეიტინგული, რეალურად პრორუსულ პროპაგანდას ეწევა (ვგულისხმობ „ტვ იმედს“ და პოსტ–ტვ– ს). იმავდროულად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩართულნი არიან პროცესში. ამ ვითარებაში, ცხადია, მეტი შანსი აქვს რუსეთს, თავის სასარგებლოდ გადატეხოს სიტუაცია და ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან უკრაინაში ომი რეალურად, მხოლოდ უკრაინის გამო არ მიმდინარეობს: რუსეთის მიზანია, დასავლეთი დასუსტდეს და მან პოსტსაბჭოთა სივრცეში დაკარგული პოზიციები აღიდგინოს. ამდენად, ცდილობს, იქაც და სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც მიაღწიოს საკუთარ ამოცანებს“.
ამრიგად, ბილანიშვილი ასკვნის, რომ ახალი ვერსიის შემოთავაზების რეალური მიზანია, რუსეთი "გაქრეს" რეალური სურათიდან; საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ კანონის მიღების მოტივი კეთილშობილური იყო, საუბრობენ რა „დიდ პროექტზე“, რომელიც დიდ შემოსავლებს მოიტანს, ხოლო „ხელისუფლება რისკების დაზღვევაზე ფიქრობს“. სინამდვილეში ეს სრულიად უნიჭოდ შეთხზული ამბავია“,– აჯამებს ანალიტიკოსი.