Accentnews.ge
წულუკიანი – ომბუდსმენზე: "ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც"

წულუკიანი – ომბუდსმენზე: "ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც"

21/01/2020 08:14:05 პოლიტიკა

ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მანამდე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენდნენ ციხეებში "მაყურებლების" არსებობის თაობაზე.

ის არ იზიარებს ანგარიშში მითითებულ შენიშვნებს, ამბობს, რომ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ქართულ პენიტერციალურ სისტემაში მხოლოდ ერთი პატიმარი იმყოფება, რომელიც ამასწინათ "ძლივს გადაარჩინეს", რადგან გულის მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა. რაც შეეხებათ "მაყურებლებს", თითოეული პატიმარი, რომელიც სხვა პატიმრებზე კონტროლის დამყარებაშია შემჩნეული, უწყება აფასებს რისკებს და შემდეგ მსგავსი პატიმრები გადაჰყავთ სხვა დაწესებულებებში.

მისივე თქმით, ანგარიში გადაეგზავნა პროკურატურას და მან სახალხო დამცველს მოუწოდა, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან და დაასახელოს კონკრეტული გვარები.

მან შენიშვნა მისცა ომბუდსმენს, რომ პმროგრესზე არაფერია ნათქვამი და ამასთან, თქვა, რომ სახალხო დამცველი პატიმრებთან არ დადის.

„თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

„მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა ნომერი მე-7 დაწესებულება, რომელიც იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს.

2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოადგილე არ არის სუპერ აქტიური, ჩვენ მისგან ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ ხოლმე, ძირითადად გენერალური დირექტორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის. მან ჩვენსავით კარგად იცის, თუ ჩვენსავით კარგად არა. ამასთან, მიახლოებულად იცის თითოეული პენიტენციური დაწესებულება, გამოწვევები, პრობლემები. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადის არა მხოლოდ ამ მონიტორინგის, არამედ ზოგადად, პატიმრების საჭიროებების შესასწავლად საპატიმროებში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, როდესაც პატიმარი ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ის ციხეში პირადად უნდა დადიოდეს.

„ვფიქრობ, როდესაც პატიმარი დაჟინებით ითხოვს პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენიც ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში, იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპასუხოდ ლომჯარიამ განაცხადა, რომ მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს.

„სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 - წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამ შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა მანამდე წულუკიანს მოუწოდებს, გაესაბროს ციხის დირექტორებს, ვინაიდან სწორედ მათგან არის "მაყურებელთა" აქტივობა დელეგირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S