
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა
21/07/2024 09:59:53 კონფლიქტები
სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბეღელურს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" დაკავებულის დედამ ნორა ბეღელურმა აცნობა.
როგორც დედა აცხადებს, მას ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები 40 წლის რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 29 აპრილს გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან ახლოს დაიჭირეს, თუმცა დაკავებულის დედა, ნორა ბეღელური ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის გასასუფთავებლად იმყოფებოდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
"რამაზს ნათესავები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს, მეზობელი სოფლიდან გაიგეს, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის დედა იმასაც ამბობს, რომ რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება. ისიც ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ოკუპირებულ ცხინვალში.
რამაზ ბეღელური 2021 წლის თებერვალშიც დააკავეს, მაშინ მან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ორი თვე გაატარა. იმავე წლის პირველ აპრილს გაათავისუფლეს და მას შემდეგ მუდმივი მკურნალობა სჭირდება. რამაზ ბეღელურმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს უამბო, რომ პირველი და მეორე დაკავებისას ავტომატის კონდახებით სცემეს, მესამე დაკავებისას აღარ უცემიათ, მაგრამ მეოთხედ უკვე რკინის გასაღებებით თავი გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად გონებას კარგავს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
დაკავებულის დედამ ნორა ბეღელურმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ რამაზთან კონტაქტზე მათი ცხინვალელი ნათესავია, რომელმაც ცხინვალის ციხეში მედიკამენტები და ჰიგიენის საშუალებები შეიტანა.
„ჩვენი ცხინვალელი ნათესავი იყო ციხეში შესული და რაც სჭირდებოდა, შეუტანა. წამლები. ჰიგიენის საშუალებები, შაქარი და სხვა პროდუქტები. ადრე რამაზი მეუბნებოდა, რომ დღე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთ პურს აძლევდნენ, ამიტომ წამლების გარდა პროდუქტებიც სჭირდება. უსაფრთხოების სამსახურიდან მეუბნებიან, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობენ და ვნახოთ რას იზამენ. წითელ ჯვარს არ დავკავშირებივარ, რადგან ამ ჩვენმა ნათესავმა უკვე შეუტანა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, მაგრამ მომავალში ალბათ მათაც დავუკავშირდები“, - უთხრა ნორა ბეღელურმა "რადიო თავისუფლებას".
გამოცემის ცნობით, 23 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დანიშნული, ამ შეხვედრაზე რამაზ ბეღელურის გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელებენ.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.