აბაშიძე – ფრენების აღდგენაზე: "გარკვეული მოლოდინები არის"

21-01-2020 13:44:02 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთ-საქართველოს ფრენების შესაძლო აღდგენაზე გარკვეული მოლოდინები არის, "მაგრამ ეს რუსეთის მხრიდან უნდა მოვისმინოთ".

"წინა შეხვედრაზე – ნოემბერში, ასეთი კომენტარი მოვისმინე, რომ მოსკოვში მუშაობენ ამაზე, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლიათ. ეს რუსეთის მხარემ შეაჩერა გასულ წელს, ჩვენი აზრით ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შემდეგ გაკეთდა კომენტარები იმის თაობაზე, რომ ფიქრობენ, მუშაობენ ამ თემაზე. ჩვენ საპასუხოდ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას. სხვათაშორის, როგორც მე ვხედავ, არავინ არაა ამის წინააღმდეგი საქართველოში," - ამბობს აბაშიძე "რუსთავი 2"–თან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება "გავრილოვის ღამის" მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გასული წლის 7 ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა, უახლოეს მომავალში აღდგეს. მისივე თქმით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა და რომ "რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები