22-07-2024 18:22:51 პოლიტიკა
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის - ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების თაობაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "თვითნებობა" და "ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევაა".
"დღეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრი. თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ! ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა!",– აღნიშნავს გიორგი მსხილაძე.
მისი თქმით, "ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში".
ის მიმართავს როგორც საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, ისე ეუთო|ოდირს რომლის მეთვალყურეობითაც ჩატარადა გასაუბრებები, მოახდინონ რეაგირება.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.