
გურამ იმნაძე – წიქარიშვილზე: დაირღვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სასამართლო ცდილობს, ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში
23/07/2024 06:37:06 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
"დაირღვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სასამართლო ცდილობს ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში", – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ გურამ იმნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.
იმნაძის შეფასებით, "სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა".
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში - დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.
გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა გაახანგრძლივა ხუთ თვემდე, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს. გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო, ზიანდება და მცირდება“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.
ცნობისთვის: 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
"უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში",– განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ამავე თემაზე: წიქარიშვილი: წვდომა მექნებოდა ბევრ ინფორმაციაზე და ამის შეეშინდა სისტემას!