22-07-2024 20:20:51 პოლიტიკა
კახა წიქარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ "ზომების" მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ არა ასე მყისიერად. საუბარია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე, რომელსაც პრეზიდენტმა 15 ივლისს მოაწერა ხელი.
"სასამართლო სისტემაში დიდი პრობლემაა საქმეთა გაჭიანურება, საქმეები იწელება წლების და თვეების განმავლობაში და ის, რომ განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, ეს ერთადერთი თუ არა, იშვიათი შემთხვევაა. ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე იყო დაინტერესებული შედეგით და ზოგადად, სისტემა არის დაინტერესებული შედეგით",– ამბობს წიქარიშვილი "მთავარ არხთან".
ის აღნიშნავს, რომ მისი სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას.
მისი ხედვით, იუსტიციის საბჭოს წევრს ექნებოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს.
"ჩემი უფლებამოსილება იწყებოდა ხვალ. მე უკვე მომზადებულ მქონდა სამუშო გეგმა, საჯარო განცხადებები, ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას კლანზე და მინდოდა, ამეხსნა საზოგადოებისთვის როგორ მუშაობს, როგორ იმართება ეს კლანი – ოღონდ ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გადმოსახედიდან. ჩემი სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას. დღეს გარე დამკვირვებელს არ აქვს სათანადო ბერკეტები, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს და იუსტიციის საბჭოს წევრს ექნებოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე და მე ვფიქრობ, ამის შეეშინდა სისტემას, სისტემას შეეშინდა ჩემი განცხადებების და იმის, რომ მე მომეცემოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი საჯაროდ არ იძლევიან და მიიღეს ზომები ამის წინააღმდეგ",– დასძინა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში,– თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.