Accentnews.ge
უკრაინაში მებრძოლებს ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერაქტის შესახებ ეკითხებიან - ადვოკატი

უკრაინაში მებრძოლებს ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერაქტის შესახებ ეკითხებიან - ადვოკატი

23/07/2024 10:36:54 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოში აგრძელებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკითხვას. კერძოდ, მათ ეკითხებიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე, – განაცხადა ომის ვეტერანის, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

რამდენადაც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლო გადატრიალების მცდელობის საქმეს იძიებს.

„კონტუზია მაქვს მიღებული, ჩამოვედი, რომ გამოვჯანმრთელდე და ტერორისტულ აქტს და რაღაცებს მაბრალებენ”. – თქვა გელა კახაბრიშვილმა.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართაული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი, უკრაინაში ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო”. – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მბრძოლ ქართველებთან. ამ კონტექსტში, რამიშვილის თქმით, ახსენეს „ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი:

„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან... ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება. მტკიცებულებები რომ არსებობდეს და ამდაგვარი ქმედებით ადამიანის სიცოცხლის საფრთხე რომ არსებობდეს, მაგალითად, მე პირადად, უკვე დასრულებული მექნებოდა, ანუ არათუ მოწმედ დავკითხავდი, უკვე ყველას ბრალს წავუყენებდი”. – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს, გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, საქმის დეტალები - როდის დაიწყო, კონკრეტულად რა პერიოდს ან მოვლენას უკავშირდება გამოძიება, არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა, მათ შორის, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია. იმავდროულად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გარდა "შეთქმულებისა", "სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა" და იქვე ოპოზიცია დაადანაშაულა.

სუს–ში დაბარებული ყველა პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს გამოკითხვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S