Accentnews.ge
ერგნეთში შეხვედრა დასრულდა: უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე ე.წ. სასამართლო პროცესებს ელოდება

ერგნეთში შეხვედრა დასრულდა: უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე ე.წ. სასამართლო პროცესებს ელოდება

23/07/2024 13:52:44 კონფლიქტები

ერგნეთში "ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 120-ე შეხვედრა დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღკვეთის საკითხები დააყენა. შეხვედრაზე ასევე განხილვის საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის თემა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 8 უკანონოდ დაკავებულიდან, სამი ჯერ კიდევ ელოდება ე.წ. სასამართლოს განაჩენს. ესენი არიან: ივანე ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ვლადიმერ ცაბაძეზე.

ქართულმა მხარემ „მსჯავრდებულების“ საკითხიც დააყენა, მათ შორის იყო რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემა.

„რაც შეეხება პირებს, რომლებსაც ე.წ. სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რამაზ ბეღელურის საქმეზე. ხაზი გაესვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაზეც ცხინვალელმა მონაწილეებმა განგვიცხადეს, რომ იგი იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს იმ პრეპარატს, რომელიც მისთვის არის გამოწერილი. სამწუხაროდ, არ იქნა დაფიქსირებული ზუსტი თარიღები, როდის გამოუშვებენ უკანონოდ დაკავებულებს“, - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ანთაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარებასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვს, მკვიდრი მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოსვლას ეხება. ირაკლი ანთაძის თქმით, ადამიანებს გადაადგილების საშუალება მთელი თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ და არა 10-11 დღის განმავლობაში და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას, არამედ ცხინვალის ოკუპირებულ რაიონსაც. როგორც სუს–ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

საოკუპაციო ძალის პოზიცია უცვლელია უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხზეც.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააყენეს, ისევ ეხებოდა ჩორჩანაში მდებარე ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნას.

„შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივმა პოლიციელებმა, რომელთა რაოდენობაც არის მცირე, თუნდაც თეორიულად შეუქმნან საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას? (რომლებიც სეზონური მცხოვრებლები არიან და არა პერმანენტული) - ამაზე პასუხი კვლავ ვერ მივიღეთ. მხოლოდ მორიგჯერ მოვისმინეთ ბრალდება, რომ საგუშაგო მათ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ანთაძემ.

"ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S