Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 18-21 ივლისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 18-21 ივლისი

23/07/2024 20:17:06 კონფლიქტები

ოჩამჩირეში აპარტამენტების შესახებ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში აპარტამენტების შესახებ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აქცია გაიმართა. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივმა მილიციამ მომიტინგეებს შეკრებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის საშუალება არ მისცა, რის გამოც შეკრებილმა საზოგადოებამ ჯერ სოფელში გადაინაცვლა, ხოლო შემდგომ მანქანების კოლონით სოხუმში გაემგზავრა. აქციაში ხუთ ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ინიციატორები ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა, მოქმედი „დეპუტატი“ კან კვარჩია, „ექს-დეპუტატი“ ლეონიდ ჩამაგუა და საზოგადო მოღვაწე ლევან მიქაა იყვნენ. პრესკონფერენციაზე მონაწილეებმა მიმდინარე მოვლენები შეაფასეს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალოვანი სტრუქტურების პროვოკაციებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ასლან ბჟანიას ინიციატივას აპარტამენტების მშენებლობასთან დაკავშირებით თავად „დეპუტატებიც“ ეწინააღმდეგებიან, კერძოდ 35-კაციან „პარლამენტში“ წინააღმდეგ უკვე თერთმეტი „დეპუტატი“ გამოდის. ისინი მომიტინგეებთან გამოდიან და აქტიურად მართავენ შეხვედრებს „ამომრჩევლებთან“, სადაც „კანონპროექტის“ თანმდევ გამოწვევებზე საუბრობენ.

„კანონპროექტს“ არასაპარლამენტო ოპოზიციაც აპროტესტებს. ასე, „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ ავრცელებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ აპარტამენტების მშენებლობა პირდაპირ უკავშირდება „ეროვნულ უსაფრთხოებას“, რადგან შესაძლოა მკვეთრად გააუარესოს ისედაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, ნეგატიურად იმოქმედოს ეკოლოგიურ გარემოზე და დიდი ზიანი მიაყენოს ტურიზმის სექტორს.

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ჰარაჰპიცუნდამ“, რომელიც ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების წინააღმდეგ გაერთიანდა, სოციალურ ქსელებში დაიწყო ფლეშმობი სათაურით „არა აპარტამენტებს“.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია „აპარტამენტების კანონპროექტის“ მიღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად აფხაზეთის გაზიფიკაციას ასახელებს. „ჩვენ გვაქვს გეგმები აფხაზეთის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები უკვე გვეყოლება. ესეც ბიზნესია, თუ გაზპრომი შემოდის მშენებლობით, მას გაყიდვები უნდა ჰქონდეს და ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ეს იქნება ის ხალხი... პოტენციური მომხმარებლები. ასე მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა ბჟანიამ. ინფორმაციის თანახმად, რუსი ბიზნესმენების ინტერესებში არა ოჩამჩირე, გალი და ტყვარჩელი, არამედ „აფხაზეთის სანაპირო ზოლი შედის, კოდორიდან რუსეთ - აფხაზეთის საზღვრამდე“.

ასლან ბჟანიამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა

დე ფაქტო პარლამენტში აპარტამენტების შესახებ „კანონის“ განხილვის დროს აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია აპარტამენტების მშენებლობის მნიშვნელობის გამართლებას რუსეთ-საქართველოს გაუმჯობესებული ურთიერთობებით ეცადა.

კერძოდ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს უახლოვდება და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოზიციონირებს როგორც ნეიტრალური, ბლოკგარეშე ქვეყანა. „ჩვენ გარშემო პოლიტიკური კონტექსტი ძალიან ცვალებადია. ვხედავთ, როგორ უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირდეს, როგორც ნეიტრალური, ბლოკგარეშე მხარე და დაამყაროს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. ისინი ჩვენი მომავლის საკითხსაც დააყენებენ. ამ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების უგულებელყოფას ვერ მოვახდენთ“, - აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

ოჩამჩირის პორტთან საკონტეინერო ტერმინალი შენდება

ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალი შენდება. მისი მშენებლობა „შეღავათიანი კრედიტის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს. ტერმინალს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით აშენებენ, „საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის“.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი 250 მეტრი სიგრძისა და 500 მეტრი სიგანის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია სარკინიგზო ლიანდაგებით და ვაგონების გადმოტვირთვის ზონით. ტერიტორიაზე შექმნილია 1200 კონტეინერზე გათვლილი გადაზიდვა - შენახვის ზონები. ინფრასტრუქტურა მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაცივრე კონტეინერების განთავსებისთვის აუცილებელ სისტემებს, „რაც მომავალში რუსეთში ციტრუსის და სხვა მალფუჭებადი საქონლის გაგზავნის შესაძლებლობებს გაზრდის“. ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, 300 კონტეინერის ტევადობის ხომალდების დატვირთვა გახდება შესაძლებელი, ხოლო ამწე ტექნიკის მართვას ადგილობრივ სპეციალისტებს ჩინეთიდან მიწვეული ინჟინერი ასწავლის. აფხაზური მედიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, ტერმინალი კი ექსპლუატაციაში სექტემბერში ჩაეშვება.

17 ივლისს ობიექტი ასლან ბჟანიამ მოინახულა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მან ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და რეგიონის ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას აფხაზეთის ეკონომიკისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S