დათო ტურაშვილი: „ჯინსები არაშემთხვევითი სიმბოლოა თავისუფლების“

21-01-2020 20:43:13 ციტატა

„მას [თეა წულუკიანს] პირადად არ ვიცნობ და არ მინდა დავიჯერო, რომ ჰგონია, მისი კარნახით უნდა იმოსებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ სხვა ადამიანები – რა ჩაიცვან, ვის უნდა შეხვდნენ და ა.შ. მართლა თუ ამას ამბობს თეა წულუკიანი, ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. ამ ლოგიკით სახლიდან ვერ უნდა გამოვიდე, რადგან ჯინსების მეტი არაფერი მაქვს, მათ შორის დახეული ჯინსები კი არა, გაუბედურებული ჯინსებიც მაქვს...არ ვიცი, ჩემს ანდერძს იუსტიცია რამდენად დაადასტურებს, მაგრამ მე ვადასტურებ საჯაროდ ჩემს არდაწერილ ანდერძს, რომ აუცილებლად ჯინსებით დამკრძალონ, რადგან ვფიქრობ, კაცობრიობას ასეთი გამოგონება წიგნის მერე არ აქვს – წიგნი, ბორბალი და ჯინსები – და რას ერჩიან ჯინსებს? ასეთი მნიშვნელობით გადასარევი სამოსი ჩემთვის არ არსებობს. სხვათა შორის, ბევრჯერ ვარ ნამყოფი ოპერაში ჯინსებით. მეტსაც გეტყვით, ამსტერდამში არის გენიალური საკონცერტო დარბაზი, სადაც კვირაში მინიმუმ ერთხელ არის დღეები, როდესაც უფასოა ბავშვებისთვის და არა მხოლოდ დამსწრეები დახეული ჯინსებით და კედებით, არამედ ორკესტრსაც სპეციალურად აცვია დახეული ჯინსები და კედები, რათა ახალმა თაობამ დაიჯეროს, რომ მოცარტი და ბეთხოვენი არა წარსული, არამედ მარადიულად თანამედროვე მუსიკაა.. ჯინსები არაშემთხვევითი სიმბოლოა თავისუფლების და მართლა თავისუფლება სჭირდება. ძაფი და მანქანა როგორ არ ჰქონდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირმა ვერ შეკერა ჯინსები, რადგან აკლდა მთავარი, რაც არ ჰქონდა საბჭოთა კავშირს – თავისუფლება“.

ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს პარლამენტში წარდგენილი ვიდეოს საპასუხოდ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები