მინისტრი: „ქართული ოცნებისთვის“ თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია

25-07-2024 11:06:51 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია".

მან თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსი იხარჯება, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

"ოცნებისთვის“ თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია. ამის გამოხატულებაა ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომლებიც თავდაცვის ძალების მესვეურებს აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პირველ რიგში, რესურსი მიემართება თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კონკრეტული ნაწილი კი – სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.

როგორც მან აღნიშნა, "გაზრდილი ბიუჯეტი ასევე მიმართულია თავდაცვის უწყებაში არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გრძელვადიან გეგმებზე, რაზეც მას ინტენსიური მუშაობა აქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან".

„ჩემთვის სასიამოვნოა იმ გუნდთან მუშაობა, რომელსაც კარგად ესმის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ რესურსების მიმართვის მნიშვნელობა, რომლებიც მიემართება ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ. იქნება გარკვეული სიახლეები, რომლებიც უკავშირდება 2025 წელს და უფრო გრძელვადიან პერიოდს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

  • 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

რა თქვა პენტაგონმა

აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო, – იუწყება პენტაგონი.

როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

"აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო და „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას. შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა.

შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს ანიჭებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის წვრთნების AGILE SPIRIT ჩატარებას", – ნათქვამია განცხადებაში.

რა თქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ–ის მიერ „ღირსეული პარტნიორის" გადადების ფაქტს "დასანანს" უწოდებს.

როგორც თავდაცვის უწყება აცხადებს, "სწავლება ხელს უწყობს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას"

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.

სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
  • 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები