
აფხაზური საზოგადოება გამარჯვებას ზეიმობს: აპარტამენტების შესახებ რუსული კანონპროექტი გაწვეულია
25/07/2024 07:28:29 კონფლიქტები
აფხაზური "პარლამენტიდან" ე.წ. აპარტამენტების შესახებ რუსულად მონათლული კანონპროექტი გაიწვიეს.
როგორც დე-ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია მითითებული, სპიკერმა ლაშა აშუბამ დააკმაყოფილა "დეპუტატების" რეზო ზანთარიას, ბესლან ემურხბას, ალმას აკაბასა და გერმანე კაჭარავას მიმართვა სადავო კანონპროექტის გაწვევის თაობაზე და ხელი მოაწერა ინიციატორებისთვის მისი დაბრუნების შესახებ დოკუმენტს, რაც "პარლამენტის" წარმოებიდან კანონპროექტის მოხსნას ნიშნავს.
ცნობისთვის: კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეს რაიონებში უცხოეთის (ცხადია, უმთავრესად რუსეთის) მოქალაქეებისთვის 200 000-მდე აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებდა შემდგომში ამ ფართების საკუთრებაში შეძენის უფლებით, ბოლო თვეებში აფხაზეთში ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანს წარმოადგენდა.
კანონპროექტს აქტიურად ლობირებდა მოსკოვი, რომლის მიერ აფხაზეთისთვის თავს მოხვეული "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების" 45-პუნქტიანი პროგრამა (არსობრივად, ანექსიის გეგმა), მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ ამასწინათ ხელების გრეხვით მიღებულის ანალოგიურ "აგენტების შესახებ" კანონსა და მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისებაზე აფხაზეთში მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმებასაც ითვალისწინებდა.
აფხაზური საზოგადოების დაუღალავი პროტესტითა და აქტიური ძალისხმევის წყალობით მოსკოვი საწადელს ვერ აღწევს - ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურმა დე-ფაქტო რეჟიმმა ჯერჯერობით ვერც ერთი ამ კანონის მიღება ვერ შეძლო.