სომხეთი: ბრძოლისუნარიანი არმიის ყოლა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა

26-07-2024 10:45:49 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას "გაუგებარს" უწოდებს და მიუღებლად მიიჩნევს ამ "გაზვიადებულ რიტორიკაში" ჩართვას.

როგორც სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყება აღნიშნავს, სომხეთის პრემიერ–მინისტრის აპარატის მიერ აზერბაიჯანის მიმართ დიპლომატიური არხებითა და საჯაროდ გაკეთებული შეთავაზებები, ერთობლივად გამოეძიებინათ სასაზღვრო ინციდენტები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეექმნათ შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი, აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ უპასუხოდ რჩება.

ერევანში მიიჩნევენ, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა ქვეყნებს ნებისმიერი ვითარების ნათლად დანახვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის საშუალებას მისცემდა.

უწყება აღნიშნავს, რომ შეთავაზება კვლავ ძალაში რჩება.

რაც შეეხება ბაქოს უკმაყოფილებას სომხეთში მიმდინარე სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნებით, ერევანში ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ბრძოლისუნარიანი ჯარი და იცავდეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას.

"რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეფორმებსა და იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის საკითხს, ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ საბრძოლო მზადყოფნის ჯარის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთის რესპუბლიკას სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, გარდა მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვისა, არ გააჩნია. არმიის რეფორმების პროცესში, სომხეთის რესპუბლიკა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქმედებს". - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე გამართულ აშშ-სა და სომხეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა, მათ "პროვოკაციული ქმედებები" უწოდა და განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ სომხეთის სამხედრო სფეროში დახმარება რეგიონში ახალი ომის დაწყებას ახალისებს.

ქართულ–ამერიკული სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა. ამასთან, 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. მანამდე ევროკავშირმა მსგავსი დანიშნულების 30–მილიონიანი დახმარება შეუჩერა საქართველოს.

იხილეთ ასევე: „დაპირისპირების მინი–მოდელი“: როგორ იკვეთება ორი ბირთვული აზიური სახელმწიფო კავკასიაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები