ისრაელი საფრანგეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიულ აქტებს ირანს უკავშირებს

26-07-2024 16:38:53 ევროპა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიულ აქტებს ირანს უკავშირებს.

„2024 წლის პარიზის ოლიმპიადის წინ, საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელ კაცმა. მანამდე მან ფრანგი კოლეგა გააფრხილა შესაძლო ტერორისტული აქტების შესახებ.

„როგორც ამ კვირაში ჩემი ფრანგი კოლეგა სტეფან სეჟურნე, ისრაელის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გავაფრთხილე, ირანელები ისრაელის დელეგაციისა და ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავენ. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით გაძლიერებული პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული“, - დასძენს დიპლომატი.

საფრანგეთში, პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა ღამეს, სავარაუდო დივერსიის შედეგად რამდენიმე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-მა განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა პარიზიდან ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით (ლილი-სტრასბურგი-ბორდო) მიმავალი მაღალსიჩქარიანი მატარებლის (TGV) ხაზები.

მედია წერს, რომ თავიდან იქნა აცილებული ცეცხლის გაჩენა კიდევ ერთ ხაზზე, რომელიც სამხრეთით ლიონისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ მიემართება.

იუწყებიან, რომ "მავნებლური ქმედებები " მიზნად ისახავდა სარკინიგზო მომსახურების პარალიზებას. საუბარია ხანძრის გაჩენაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აშკარად წინასწარ განზრახულ და კოორდინირებულ ქმედებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები