მელაძე ამბობს, რომ არხმა მეორე სააღსრულებლო დოკუმენტი მიიღო

26-07-2024 19:56:14 საზოგადოება

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხს სააღსრულებლო დოკუმენტი ჩაბარდა. ამჯერად საუბარია პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძის დავით ფაცაციაზე. მანამდე დედაქალაქის მერმა მიმართა არხთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

როგორც განიმარტა, საქმე ეხება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეყრდნობოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოებისას. სწორედ ამ სიუჟეტის გამო უჩივლა ფაცაციამ „ტვ პირველს”. კერძოდ, მიუთითებდა, იმ პერიოდში თანამდებობაზე არ იყო დანიშნული.

მოსამართლემ ტელეკომპანიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, დაკისრებული თანხის გადასახდელად შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაა განსაზღვრული. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ ტელეკომპანიის ქონება დაყადაღდება და ერთ თვეში იძულებითი აუქციონი ჩარტარდება.

ის თვლის, რომ სახეზეა ფორსირებული პროცესი არხის წინააღმდეგ.

"ეს არის მეორე ფურცელი, რომელიც ახლა გადმომიგზავნა არხის იურისტმა, ეს არის ირაკლი კობახიძის სიძე დავით ფაცაცია, რომელიც უჩიოდა "ტვ პირველს" ახალი ამბების გამოშვებაში გასული რეპორტაჟის გამო - ეს არის 24 რიცხვით დასაბუთებული, უბრალოდ ახლა ჩაგვბარდა. ერთად შეიტანეს კალაძემ და ფაცაციამ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რომელიმე დოკუმენტი გზაშია... თანხა არის ერთი და იგივე, მოსამართლე 15 ათას ლარს აკისრებს ყველა საქმესთან დაკავშირებით, ასეა მურუსიძე-ჩინჩალაძის, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მოქცეულმა სასამართლომ მიიღო, ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ," - ამბობს ნოდარ მელაძე.

ის ამბობს, რომ არხი ფინანსურ კრიზისშია, მაუწყებლობისთვის კრიტიკული ხარჯების დაფარვა უწევს, "ახლა გადავამოწმე, ანგარიშზე თანხა არაა", შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მენეჯმენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები