Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-24 ივლისი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-24 ივლისი

29/07/2024 08:12:34 კონფლიქტები

დე ფაქტო პარლამენტმა „აპარტამენტების კანონპროექტი“ გაიწვია

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა „პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამ.

დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, დაძაბულობის შემცირებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. „ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა საპარლამენტო განხილვების შედეგად, „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების, უპირველესად უხუცესთა საბჭოს, სამამულო ომის გმირების, სამეცნიერო წრეების, ინტელიგენციისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის ინიციატორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი გაწვევისა და საკანონმდებლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები მადლობას უხდიან კოლეგებს - კანონპროექტის ინიციატორებს რთული სიტუაციის გადაწყვეტის მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. დეპუტატები მადლობას ასევე უხდიან აფხაზეთის მოსახლეობას მათი აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის და ხაზს უსვამენ ჩვენს ქვეყანაში თანხმობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში გაკეთებული განცხადებების თანახმად, მხოლოდ კანონის გაწვევა საკმარისი არ არის და ისინი უძრავის ქონების გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ.

„არანაირ რუსებს გალი არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა“, - ვიტალი გაბნია

ამის შესახებ ყოფილმა „ვიცე-პრეზიდენტმა“, პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯდომარემ ვიტალი გაბნიამ განაცხადა და ამგვარად გამოეხმაურა აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას ინიციატივას აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტების მშენებლობის შესახებ.

„კანონი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის „ტროას ცხენია“, რომელიც აფხაზი ხალხის მიერ განვლილ მთელ გზას კვეთს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გალში ინვესტიციები შემოვა. არანაირ რუსებს გალი არ აინტერესებთ, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ აფხაზებთან ბრძოლა საჭირო არ არის, რომ აფხაზები თავად გაყიდიან ყველაფერს და არცთუ ისე ძვირად“, - დასძინა გაბნიამ.

გაბნია დარწმუნებულია, რომ აპარტამენტების საკითხზე ასლან ბჟანია ზეწოლას მოსკოვიდან არ განიცდის, არამედ ის თავად ახორციელებს „უპრეცედენტო ზეწოლას დეპუტატებზე და კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება“. „ნუ გაგვწირავთ პალესტინის მსგავსი გზისთვის, რომელმაც მიწები ფულზე გაცვალა“, - აღნიშნა გაბნიამ.

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოსკოვში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი“ დე ფაქტო საპარლამენტო კომიტეტმა დაამტკიცა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით, „მხარეებმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“ განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სხვა ინფორმაცია გამართულ შეხვედრებზე არ გავრცელებულა. სამაგიეროდ, აფხაზურ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილში გადაღებული ბჟანიას ფოტოსურათი, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის კრიტიკა დაიმსახურა.

სოხუმში ე.წ. დროშის დღე აღინიშნა

ასლან ბჟანიამ მოსახლეობას „სახელმწიფო დროშის დღე“ მიულოცა.

„ძვირფასო თანამემამულენო! ღრმა პატივისცემით და სიხარულით გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღეს!

1992 წლის 23 ივლისი სამუდამოდ შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ, ვლადისლავ არძინბას ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დროშა და გერბი დაამტკიცა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო.

ჩვენი დროშა არა მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლოა, არამედ აფხაზი ხალხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, უძველესი ტრადიციებისა და ურყევი ნების განსახიერება. ის გვახსენებს სამშობლოს მომავლისთვის მებრძოლი ჩვენი წინაპრების სიმამაცეს და იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ატარებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

დროშის დამტკიცებიდან სულ რამდენიმე კვირაში დაიწყო ომი, რომელიც აფხაზი ხალხისთვის მძიმე ტვირთად იქცა. მაგრამ ამ დროშის ქვეშ ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა და გამარჯვება.

დღეს ჩვენი დროშა არის აფხაზეთის სუვერენიტეტის, მშვიდობის დროს მიღწეული წარმატებების სიმბოლო და შეხსენება, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის“, - ნათქვამია მისალოც სიტყვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S