იტალიის ხელისუფლებამ "ჩინური ვირუსის" გამო აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა

22-01-2020 14:11:24 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიის ხელისუფლებამ რომის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში გაჩენილი ვირუსის ევროკავშირში მოხვედრის შანსი მაღალი არ არის, თუმცა საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება.

რომის აეროპორტში ჩინეთის ქალაქ უხანიდან სამი პირდაპირი რეისი ხორციელდება. იმის გამო, რომ ჩინეთში ახალი წლის დღესასწაული ახლოვდება, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია. იტალიის მთავრობა მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უხანში გამგზავრებისგან.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პილოტები ვალდებულები იქნებიან, ბორტზე ვირუსის სიმპტომები გამოაცხადონ.

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვირუსი ერთ-ერთი ქალაქის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა. დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 440-ს მიაღწია ინფიცირებულთა რიცხვმა. ვირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი ჩინეთის 14 რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუდგინეს.ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

დაავადება უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.

იხილეთ ასევე: დაავადებათა კონტროლის ცენტრი „ჩინურ ვირუსთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს