
ნეთანიაჰუ და გალანტი "ჰეზბოლასთვის" პასუხის გაცემის უფლებამოსილებით აღჭურვეს
29/07/2024 13:34:25 მსოფლიო
ისრაელის საგანგებო უსაფრთხოების კაბინეტმა უფლება მისცა პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს, გადაწყვიტონ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ პასუხის "ბუნება" და ვადები.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაადანაშაულა ლიბანური დაჯგუფება ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე სარაკეტო თავდასხმაში, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა ბავშვია. "ჰეზბოლა" ბრალდებებს უარყოფს. ისრაელმა პირობა დადო, რომ "ჰეზბოლა" "გადაიხდის ფასს".
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საპასუხო თავდასხმას, სულ მცირე, "ჰეზბოლას" ორი წევრი ემსხვერპლა.
IDF-ს საპასუხო იერიშის შედეგებთან დაკავშირებული განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებები კი დაჯგუფების წევრების დაღუპვას ადასტურებენ.