
ვენესუელამ რეგიონის 7 ქვეყნიდან დიპლომატები გაიწვია
30/07/2024 06:27:03 მსოფლიო
ვენესუელამ პროტესტი გამოაცხადა და დიპლომატები გაიწვია ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენეს და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს.
ამ პოზიციის გამო ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინის, ჩილეს, კოსტა-რიკის, პერუს, პანამის, ურუგვაის და დომინიკის რესპუბლიკის მთავრობები დაადანაშაულა „ინტერვენციონისტულ ქმედებებსა და განცხადებებში“ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. ვენესუელამ თავისი ტერიტორიიდან ამ სახელმწიფოთა დიპლომატების წასვლაც მოითხოვა.
ამავე თემაზე: ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.