პაპუაშვილი: ირანი არანაირი ომის თანამონაწილე არ არის

30-07-2024 17:06:34 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ირანი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თანამონაწილე არ არის. ასე პასუხობს იგი ოპონენტების კრიტიკას საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით.

"არანაირი ომის თანამონაწილე ჯერ ერთი, ირანი არ არის. არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ზუსტად იმ ხალხმა, რომელიც აჟიტირებს ხან იქით, ხან აქეთ, ამ ხალხმა ატეხა აქ არაერთხელ ომი და დავიდარაბა - შიდა თუ გარე, ასე, რომ ასეთი ხალხისგან, ქვეყნის შიგნით და მათ შორის, ქვეყნის გარეთ მრჩევლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე ასეთ რჩევას ვერ ვიღებთ", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, პაპუაშვილი.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა თეირანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „შაჰედ-136“ და „შაჰედ-131“ ტიპის დრონების დიდი პარტია გადასცა რუსეთს, რომელსაც იგი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. 2022 წლის 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ ის რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა მაგრამ, თეირანი ირწმუნებოდა, რომ საუბარი იყო მცირერიცხოვან დრონებზე, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე გადაეცა.

თავის მხრივ, ირანული დრონების გამოყენების თაობაზე ბრალდებებს რუსეთი უარყოფს.

როგორც 2022 ელის აგვისტოში The Washington Post იტყობინებოდა, ირანი დათანხმდა, რუსეთისთვის საიდუმლოდ მიაწოდებინა არა მხოლოდ დრონები, არამედ „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტებიც.

2022 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერის გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები