
ო'ბრაიენი: ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვის სტრატეგიაზე და საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება
30/07/2024 21:28:55 ციტატა
"რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს, ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე და საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება", – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე, მათ შორის საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის: მანამდე, მან აღნიშნა, რომ "პირველ რიგში, აშშ საქართველოსთვის დახმარების გადახედვის პროცესშია".
ამავე თემაზე: ო'ბრაიენი "ქართულ ოცნებას" "უკან დასაბრუნებელ გზას" სთავაზობს.
"ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
- 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
- 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
- 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.