31-07-2024 10:24:17 მსოფლიო
ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - წერს Reuters.
„ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - თქვა მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
Reuters წერს, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადეს ირანის რევოლუციურ გვარდიასა და "ჰამასში".
„ჰამასის“ განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა.
თეირანში, ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერიც.
ამავე თემაზე: "ირანის მიმართულებით გააქტიურება სახეზეა": დემარში თუ სამეზობლო პოლიტიკა