"ირანის მიმართულებით გააქტიურება სახეზეა": დემარში თუ სამეზობლო პოლიტიკა

30-07-2024 18:49:11 ანალიზი

„ჩვენი სამეზობლოა,– თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოდან ევროკავშირისა და აშშ–ის სანქციების ქვეშ მყოფ ირანში უმაღლესი რანგის დელეგაციის ვიზიტის აუცილებლობის განმარტებისას. საქმე იმაშია, რომ თეირანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუმრობს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად. ის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. მანამდე, გაზაფხულზე პრემიერი ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას ესწრებოდა, რამაც ასევე გააჩინა კითხვები.

„ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს ერს და ქვეყანას, რომ გავწიოთ თანადგომა ჭირში და გვერდით დგომა ლხინში თუ ინაუგურაციაში“, - თქვა პაპუაშვილმა და ყურადღება ასევე გაამახვილა ირანის უშუალო სახმელეთო მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრების ვიზიტზეც.

თუმცა ამგვარ განმარტებას არ იზიარებს პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი და სწორედ რომ პარტნიორებისადმი გზავნილად აღიქვამენ ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით. მათი ხედვით, იგივე სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველო–ირანს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, სავსებით ადეკვატური იქნებოდა, ამ შემთხვევაში თეირანში ოფიციალური თბილისი თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის ან ვიცე–პრემიერის რანგში ყოფილიყო წარმოდგენილი და არა უმაღლეს დონეზე.

„ჩინეთთან უკვე საკმაოდ ახლობლური დამოკიდებულება აქვს ირანს და ჩვენთვისაც რაღაც შეცვალა [საქართველომ და ჩინეთმა ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს – რედ.]...ამ კონტექსტში განხილვაც შეიძლება [ვიზიტის]“,– უშვებს „აქცენტთან“ აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე და განაგრძობს, „ვერ ვიტყვით, რომ ძალიან, მაგრამ ფაქტია, რომ გააქტიურება ირანის მიმართულებით სახეზეა...ასეთი დონის ვიზიტები ამაზე მიუთითებს“.

„მართალია, ითვლება, რომ ახალი პრეზიდენტი უფრო რეფორმატორთა ფრთას განეკუთვნება (არც თუ მოსალოდნელი იყო მისი გამარჯვება), თავად ირანის პოლიტიკაშიც გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია (უფლებრივი კუთხით), თუმცა ზოგადი კურსი დღეს შეუძლებელია, შეიცვალოს ირანის პოლიტიკური მოწყობიდან გამომდინარე, როდესაც პრეზიდენტზე მაღლა დგას სულიერი ლიდერი“,– ხაზს უსვამს სანიკიძე და გამოდის შეხსენებით, რომ ირანს, ისევე როგორც რუსეთს, ძალიან მძიმე სანქციები აკისრია და მათი დარღვევა „ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის საქართველოსთვის“.

სწორედ წინაპირობებზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილიც „აქცენტთან“:

  • „ფუნდამენტურად გაუარესებული ურთიერთობები“ სტრატეგიულ პარტნიორებთან – როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ–სთან და საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას პარტნიორებს აკისრებს.

ეს ფონი ცქიტიშვილს აფიქრებინებს, რომ პრემიერის ვიზიტი უფრო დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს გზავნილით:

  • ვაჭრობა დასავლეთთან – ან მიიღოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისეთი, როგორიც არის, ან „შემიძლია ალტერნატიული გზები ვეძებოო“.

„შესაძლებელია, რომ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თუნდაც პრემიერი ჩადიოდეს ირანში, თუმცა სხვა კონტექსტში, სხვა მისიით... შეიძლებოდა, სხვაგვარად შეფუთულიყო ეს ყველაფერ და პარტნიორებისთვის ეს გასაგები ყოფილიყო“,– ამბობს ცქიტიშვილი და ასევე კონტექსტის გათვალისწინებით, არარელევანტურად მიიჩნევს მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევების მოყვანას:

იხილეთ ასევე: როგორ იკვეთება ორი ბირთვული აზიური სახელმწიფო კავკასიაში

  • „სომხეთისთვის ირანი 30 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საქართველოსთან ერთად. ბოლო პერიოდია სომხეთი ცვლის საგარეო ორიენტირებს – დასავლეთისკენ იხრება, მაგრამ ამ ეტაპზე სომხეთის პრემიერის ვიზიტი არ არის ამოვარდნილი მათი საგარეო პოლიტიკის კონტექსტიდან“.
  • „ბევრი გადაკვეთის საკითხია, რომელიც აზერბაიჯანს ირანთან ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის დიდი აზერბაიჯანული დიასპორა ირანში“.
  • „არც საქართველოს შემთხვევაში იქნებოდა ამოვარდნილი ვიზიტი ქვეყნის პოლიტიკის კონტექსტიდან, ეს რომ ხდებოდეს ზოგადი ეკონომიკური კავშირების ფარგლებში და არ ხდებოდეს დასავლეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე. ამ დროს ეს დემარშს უფრო ჰგავს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები