
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 25-28 ივლისი
31/07/2024 06:33:56 კონფლიქტები
დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია „როსია 24-ს“ ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის რუსულ ინვესტიციებზე, ახალ ტურისტულ ობიექტებზე, რუსეთ-აფხაზეთის საავტომობილო გამშვები პუნქტის მოდერნიზაციასა და საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა აფხაზეთში ინვესტორებს უცხოეთიდან, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის შემუშავებულია „მთავრობათაშორისი შეთანხმების“ [რუსეთის იურიდიული პირების მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ] პროექტი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის. „რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ გვაქვს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე და ეს მდგომარეობა ჩვენს მოქალაქეებს არ აწყობს. ჩვენი ინიციატივები, რომლებიც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული, პირველ რიგში მოსახლეობის დასაქმების მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ადამიანს, რომელსაც აქვს სამსახური, აქვს გარკვეული შემოსავალი, აქვს იმედი, რომ მისი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ. მაგალითად, ადამიანი ავად ხდება: სამედიცინო მომსახურების ნაწილი, რა თქმა უნდა, უფასოა, მაგრამ დღეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს“, - აღნიშნა ბჟანიამ.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ „შეთანხმებას“ ეწინააღმდეგება ადგილობრივი საზოგადოება, ვინაიდან ის რუსეთისთვის „უპრეცედენტო“ შეღავათებს ითვალისწინებს. რუსულ არხთან ინტერვიუში ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მეტწილად პოლიტიზებულია. „მიმაჩნია, რომ უფლებამოსილი პირები ყველა კითხვას, ყველა პრეტენზიას გასცემენ პასუხს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ ამ შეთანხმების ხელმოწერამდე. ის მიზნად ისახავს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ეკონომიკური განვითარება სოციალური სფეროს განვითარებას, ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური შემწეობის გაზრდას გულისხმობს. ყველაფერი ძვირდება, შესაბამისად ჩვენც გვიწევს სოციალური დახმარება გავზარდოთ. საპენსიო უზრუნველყოფა უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე, საარსებო მინიმუმზე მაინც, მაგრამ აქ აცდენა გვაქვს. როდესაც ხალხი საკითხს ზუსტად ისე მიუდგება, როგორც ახლა მე ვსაუბრობ - რიცხვებით, არგუმენტებით, მაშინ გახდება ნათელი, რატომ არის საჭირო ამ შეთანხმების გაფორმება. ეს დოკუმენტი ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია“, - განაცხადა ბჟანიამ.
საუბარი ასევე შეეხო უძრავი ქონების შეძენის საკითხს. დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთში ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონების შეძენა შეუძლია, შეზღუდვები მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ვრცელდება. ბჟანიას არ უხსენებია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაწვევის შესახებ, თუმცა, მან „მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“ არგუმენტების არარსებობაზე მიუთითა. „ჩვენს ოპონენტებს არგუმენტები არ აქვთ. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთის ლიდერები იყვნენ და მაშინ ისინი ამ იდეას მხარს უჭერდნენ“, - აღნიშნა ბჟანიამ. ამავე კონტექსტში ბჟანიამ მიანიშნა „უცხოური დაზვერვის სამსახურების დესტრუქციულ საქმიანობაზე“, რასთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, „მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება ძალიან რთულია“.
„ეს საკითხი გადაწყვეტას და პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩვენთვის ახლობელი, ძვირფასი ხალხია. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ საკითხებს, რომლებიც დააახლოებს ჩვენს პოზიციებს, საკითხებს, რომლებიც წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ძმობის სახელით“, - განაცხადა მან. ბჟანიამ ასევე დასძინა, რომ სოხუმი სწავლობს მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას, რათა თავი აარიდოს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს.
მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო პარლამენტიდან „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, ადგილობრივი მოსახლეობა ამას არასაკმარისად მიიჩნევს და უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.
საკითხს აქტიურად აყენებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჰარაჰპიცუნდა“. მისი წევრები მიიჩნევენ, რომ „კანონპროექტის“ გაწვევა მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა და დროთა განმავლობაში მის დამტკიცებას არ გამორიცხავს, ამიტომ დაუყოვნებლივ მოითხოვენ გარანტიებს და მორატორიუმის გამოცხადებას.
„გაწვევა დროებითი გამოსავალია. ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ. თავად კანონპროექტის არსებობის ფაქტით მოქმედმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს. ჩვენ ამ საკითხში გვჭირდება წერტილი. ჩვენ გვჭირდება მორატორიუმი“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მორატორიუმს ასევე ითხოვს გიდების პროფკავშირი. „ასეთი კანონები გამოიწვევს აფხაზეთის ტურიზმის სექტორის განადგურებას, მის მონოპოლიზაციას, ადგილობრივი მოსახლეობის სამსახურებიდან გათავისუფლებას და ცხოვრების დონის ვარდნას“, - აღნიშნულია პროფკავშირის განცხადებაში.
26 ივლისს დრამატული თეატრის დარბაზში ამ საკითხზე საზოგადოების საერთო კრება გაიმართა, სადაც მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა უნდა აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე. „ჩვენ ვითხოვთ, დაწესდეს აკრძალვა, შესაბამისი კანონის ან დადგენილების გზით, და ეს დოკუმენტი პრეზიდენტმა თავად უნდა წარადგინოს პარლამენტში”, - განაცხადა საზოგადო მოღვაწემ ლევან მიქაამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე ტიმურ ახიბა „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „უშიშროების საბჭოს მდივნის“ მოადგილედ დაინიშნა. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობას დიმიტრი კუჩუბერია შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობაზე „უშიშროების საბჭოს მდივნის“, სერგეი შამბას შესაძლო დანიშვნის შესახებ. არ არის გამორიცხული, მომხდარი ცვლილება სწორედ ამ გეგმას უკავშირდებოდეს და სერგეი შამბას დანიშვნის შემდეგ, ტიმურ ახიბა „უშიშროების საბჭოს მდივნად“ გადაიყვანონ.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასლან ბჟანია აპარტამენტების საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის მიმართ ძალოვანი სტრუქტურების უმოქმედობით უკმაყოფილო დარჩა და სწორედ ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის «დაქვეითების» შესახებ.
ე.წ. აფხაზური ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობას ითხოვს
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ავტოკეფალიის მოპოვება წარმოადგენდა.
ალექსანდრ ანქვაბმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა. „ჩვენი ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან დიდი ხნის წინ განისაზღვრა და ეს არჩევანი შეგნებულად გაკეთდა. ქართულმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა საქართველოს ჯარების შეყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე, არ დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და მრავალი სხვა. უფრო მეტიც, მან ისინი დალოცა. ქართველი მღვდელმსახურები აქედან დიდი ხანია წავიდნენ და ჩვენ შორის სულიერი ერთობა აღარ არის. რამდენიც უნდათ აფხაზეთს თავისი ტერიტორია უწოდონ, რამდენიც უნდათ თქვან, რომ აფხაზური ეკლესია არ არსებობს... ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, არის აფხაზი ხალხი, არის აფხაზური ეკლესია, არიან სასულიერო პირები, რომლებიც საეკლესიო მსახურებას აღასრულებენ“, - განაცხადა ალექსანდრ ანქვაბმა. მან ასევე დასძინა, რომ მისი პოზიცია საკითხის მიმართ უცვლელია - აფხაზეთის ეკლესიამ ავტოკეფალიას უნდა მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ ივნისში აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლმა, ბესარიონ აპლიამ, კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის პატრიარქ კირილეს და მოითხოვა, რომ მან თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს აფხაზი მრევლი. მისი მტკიცებით, ის ფაქტი, სხვა ეკლესიები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არ ცნობენ აფხაზეთის გადასვლას რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ამავდროულად, სხვა აფხაზ მღვდელმსახურებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, აფხაზური ეკლესიის კანონიკური სტატუსი საქართველოს ეკლესიასთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
სოჭში ლგბტქ+ სიმბოლოს გამო „ჰარაჰპიცუნდას“ წევრი დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები დიანა კვეკვესკირი სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ექსტრემისტული სიმბოლოების“ დემონსტრირებაში, რაც სოციალურ ქსელში ლგბტქ+ დროშიანი პოსტის გამოქვეყნებაში გამოიხატა. როგორც ტელეგრამ-არხი „ამრა ლაიფი“ იუწყება, სტუდენტს ათდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მას რამდენჯერმე მისცა თვითრეალიზების შესაძლებლობა, იგი მეტ ყურადღებას დასავლურ ღირებულებებს უთმობდა, აქტიურად მონაწილეობდა ბევრ დასავლურ პროექტში. და აი შედეგი. ულამაზეს დასავლურ შეფუთვაში სიმდაბლე იმალება. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც აშკარად ცხადყოფს, თუ რა სატანიზმი მძვინვარებს დასავლეთში... უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ ოპოზიცია დაფინანსებული ნჯო-ების დაკრულზე ახდენს „უცხოური აგენტების კანონის“ პოლიტიზებას, დასავლური სოდომია უკვე აღწევს ჩვენი შვილების ტვინებში“, - აღნიშნულია „ამრა-ლაიფის“ მიერ გავრცელებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში „ამრა-ლაიფი“, რომელიც პროსახელისუფლებო ტელეგრამ-არხად ითვლება, რეგულარულად ესხმის თავს „ჰარაჰპიცუნდას“ წევრებს აპარტამენტების კანონპროექტზე მათი პოზიციის გამო.
აფხაზეთში მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა
გაგრის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის 2 მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, დაშავდა ორი არასრულწლოვანი პირი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „მომხდარის გამომწვევი მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.