31-07-2024 11:50:04 პოლიტიკა
"ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია", – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შემდეგ კითხვას: "ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე "თალიბანისა" და "ჰამასის" ლიდერები იყვენენ წარმოდგენილები, ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას!" და ეს ყველაფერი უხერხულობას არ გიქმნიდათ?".
კობახიძემ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ამ თემის აწევა ნინო ლომჯარიას დაავალეს".
"ეს არის მარტივი სპეკულაცია. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეეხება ამ თემას, მე როგორც მითხრეს პირადად ლომჯარიას ჰქონია დაველებული ამ თემის აწევა. თუმცა მაინდამაინც დიდი წარმატება ამისათვის არ აქვს. პატრონებმა დაავალეს ლომჯარიას. ლომჯარები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას".
როგორც მან აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა.
როგორც Reuters წერს, ისმაილ ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოკლეს.