ჩინეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

22-01-2020 19:35:49 მსოფლიო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან.

სწორედ ქალაქი უხანი სახელდება კორონავირუსის გავრცელების კერად.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა დაწესებული არ არის.

უწყება საელჩოს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერსაც აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ: +86 13716877635.

ცნობისთვის: ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 440-ს გადააჭარბა.

ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვირუსი ერთ-ერთი ქალაქის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა. ვირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი ჩინეთის 14 რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუდგინეს.ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

იხილეთ ასევე: დაავადებათა კონტროლის ცენტრი „ჩინურ ვირუსთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები